2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან სულ რაღაც 10 დღე გავიდა, თუმცა ტურნირმა საფეხბურთო ისტორიის გადაწერა უკვე დაიწყო.
48-გუნდიან ფორმატში მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავებმა - ლიონელ მესიმაც, კილიან მბაპემაც, ჰარი კეინმაც და ერლინგ ჰაალანდმაც სასტარტო მატჩებშივე გაიბრწყინეს.
BBC Sport გთავაზობთ იმ მთავარი რეკორდების ჩამონათვალს, რომლებიც მიმდინარე მუნდიალზე უკვე მოიხსნა ან დამხობის პირასაა:
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ახალი რეკორდის მოლოდინშია
გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე 2014 წლის შემდეგ 16 გოლით მუნდიალების ისტორიაში ერთპიროვნული ბომბარდირი იყო. თუმცა, ალჟირთან სასტარტო მატჩში (3:0) შესრულებული ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით, ლიონელ მესი მას გაუთანაბრდა. მესის ამ ნიშნულისთვის 27 მატჩი დასჭირდა (სამით მეტი, ვიდრე კლოზეს).
არგენტინელთა ათიანს ზურგს უკან 14 გოლით კილიან მბაპე უდგას, რომელმაც პირველ ტურშივე საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (58 გოლი) ოფიციალურად მოიპოვა. მომდევნო ტურში არგენტინა ავსტრიას ხვდება და დიდი შანსია, მესი ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინოს.
კეინი გარი ლინეკერისა და ბექჰემის რეკორდებს უთანაბრდება
ხორვატიასთან მატჩში (4:2) შესრულებული დუბლით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 10 გოლით ლეგენდარულ გარი ლინეკერს გაუტოლდა. გარდა ამისა, კეინი გახდა მხოლოდ მეორე ინგლისელი დევიდ ბექჰემის შემდეგ, რომელმაც სამ სხვადასხვა მუნდიალზე (2018, 2022, 2026) შეძლო გოლის გატანა. 115-ე სანაკრებო მატჩით კი კეინი ბექჰემს ყველაზე მეტჯერ ნათამაშები ფეხბურთელების სიაშიც გაუთანაბრდა.
ვინ გახდება პირველი ორგზის „ოქროს ბუცი“?
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯერ არავის მოუგია ბომბარდირის ტიტული (ოქროს ბუცი) ორჯერ. 2018 წლის ბომბარდირი ჰარი კეინი (6 გოლი) და 2022 წლის საუკეთესო მეგოლე კილიან მბაპე (8 გოლი) ამ ისტორიული მიღწევისთვის იბრძვიან. ამჟამად ტურნირს 3-3 გოლით მესი, დენის უნდავი (გერმანია) და ჯონათან დევიდი (კანადა) ლიდერობენ, თუმცა ფავორიტები მათ მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩებიან.
კრიშტიანუ რონალდუს ახალი ასაკობრივი რეკორდი
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სენსაციური ფრე (1:1) ითამაშა, კრიშტიანუ რონალდუმ ისტორია მაინც დაწერა. ჰიუსტონში მოედანზე გასვლით ის გახდა მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი, ვინც ექვს მუნდიალზე იასპარეზა.
ამასთანავე, რონალდუ გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მინდვრის მოთამაშე, ვინც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო - 41 წლისა და 132 დღის. წინა რეკორდი კანადელ ატიბა ჰატჩინსონს ეკუთვნოდა (39 წელი და 296 დღე). თუ კრიშტიანუ მიმდინარე ტურნირზე გოლს გაიტანს, გახდება პირველი, ვინც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეაგდო.
ჰალანდის ისტორიული დებიუტი ნორვეგიის ნაკრებში
ერლინგ ჰაალანდს ერაყთან მატჩში (4:1) სულ რაღაც 20 შეხება დასჭირდა დუბლის შესასრულებლად. ის გახდა პირველი ნორვეგიელი, ვინც მუნდიალის ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა და სულ რაღაც ერთ შეხვედრაში მსოფლიო თასებზე ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ხეტილ რეკდალს გაუთანაბრდა.
კაბო-ვერდეს მეკარე ვოზინიას გმირობა
ესპანეთთან სენსაციურ ფრეში (0:0) კაბო-ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია მატჩის გმირი გახდა. 7 უმნიშვნელოვანესი სეივითა და 40 წლისა და 12 დღის ასაკით, ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვისაც ქვეყნის სადებიუტო მუნდიალზე უთამაშია (გადაასწრო კურასაოს მეკარე ელოი რუმს), და ასევე ყველაზე ასაკოვანი გოლკიპერი, ვინც სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა.
დიდიე დეშამი ჰელმუტ შონის რეკორდს უახლოვდება
საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს გერმანიის ლეგენდარული მწვრთნელის, ჰელმუტ შონის რეკორდამდე (16 მოგება მუნდიალზე). ერაყთან მოგების შემთხვევაში დეშამი მას გაუთანაბრდება, ხოლო ნორვეგიასთან მატჩში რეკორდის ერთპიროვნულად დამყარებას შეეცდება.
წითელი ბარათების ბუმი
მსოფლიო ჩემპიონატებზე წითელი ბარათების რეკორდი 2006 წელს დაფიქსირდა (28 გაძევება). 2026 წლის ტურნირზე უკვე 6 წითელი ბარათია ნაჩვენები (აქედან 3 მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩში), რაც უკვე აღემატება წინა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (ყატარსა და რუსეთში) დაფიქსირებულ ჯამურ მაჩვენებლებს.