პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების მცველს, ლუკა ერნანდესს, ადამიანით ვაჭრობასა და უკანონო შრომით საქმიანობაში ადანაშაულებენ.
Paris Match-ის ინფორმაციით, ბრალდებები ფეხბურთელისა და მისი მეუღლის, ვიქტორია ტრიაის, წინააღმდეგ კოლუმბიურმა ოჯახმა წამოაყენა — მამამ, დედამ და სამმა შვილმა, რომლებიც წყვილთან 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე მუშაობდნენ.
ოჯახის წევრების თქმით, ისინი ერნანდესისა და მისი მეუღლისთვის დასაქმების ოფიციალური ნებართვის გარეშე მუშაობდნენ, ხოლო სამუშაო დღეები უკიდურესად ხანგრძლივი და მძიმე იყო. მათ სხვადასხვა მოვალეობა ჰქონდათ დაკისრებული — დაცვა, დამლაგებლობა, მზარეულობა და ბავშვების მოვლაც.
შედეგად, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ატლეტიკოსა და ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ფიგურირებს საქმეში, რომელიც უკანონო შრომით საქმიანობასა და ადამიანით ვაჭრობას უკავშირდება. ამ საქმეზე სარჩელი ცოტა ხნის წინ ვერსალის პროკურატურაში შევიდა.