ვალენსიამ მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი და აღმასრულებელი დირექტორი რონ გურლეი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სულ რაღაც 2 თვის წინ ესპანურმა კლუბმა კორბერანს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა.
ესპანური მედიის ცნობით, მწვრთნელის გაშვების მთავარი მიზეზი ცუდი შედეგები გახდა, რასაც ბარსელონასთან 0-5 განადგურება და სევილიასთან მარცხი დაემატა. პირველ გუნდს დროებით სარეზერვო შემადგენლობის მწვრთნელი, ოსკარ სანჩესი უხელმძღვანელებს, რომელიც ვალენსიას უკვე სამშაბათს, ალავესის წინააღმდეგ გაუძღვება.
მთავარ მწვრთნელსა და დირექტორთან ერთად, კლუბი სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრმა დატოვა. ვალენსიას ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბი სრულიად ახალი სპორტული პროექტის დაწყებას გეგმავს, რომლის სტრუქტურაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.