ბოლო წლებში ბარსელონას ფინანსებში გარკვევა წყლის დაჭერას ჰგავს - ეს შეუძლებელი საქმეა.
კლუბის 2025-26 წლების ფინანსური ანგარიში, რომელსაც სექტემბერში დაამტკიცებენ, ამ ისტორიას კიდევ ერთ თავს მატებს.
გასულ სეზონში ბარსელონას შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, მადრიდის რეალის შემდეგ, მეორე გახდა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, მათ მოგება მაინც ვერ ნახეს, კლუბმა გადასახადების შემდეგ 17.8 მილიონი ევრო დაკარგა, კამპ ნოუს რეკონსტრუქცია ჯერ ისევ დაუსრულებელია, ვალები კი განუწყვეტლივ იზრდება.
მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა და კლუბის სათავეში მეექვსე წელი დაიწყო. მისი მმართველობა ურთულეს პერიოდს დაემთხვა, სადაც ფინანსური პრობლემები საფეხბურთო მიღწევებზე ხშირად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ლაპორტას ქმედებებმა კლუბის გადასარჩენად შეიძლება გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოიტანოს.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირებულია (თავიდან 45,000, ახლა 62,000), კამპ ნოუზე ნაწილობრივმა დაბრუნებამ მაინც უჩვენა, თუ რატომ წამოიწყო ბარსამ ეს მასშტაბური პროექტი. მხოლოდ VIP სტუმრებისგან შემოსავალი 30 მილიონი ევროთი გაიზარდა. კლუბი ვარაუდობს, რომ ესპაი ბარსას (Espai Barca) პროექტის დასრულების შემდეგ, რაც 105,000 გულშემატკივარს დაიტევს, ყოველწლიური დამატებითი შემოსავალი 250 მილიონი ევრო იქნება.

შემოსავლების დიდი ნაწილი კომერციულ სექტორზე მოდის. Nike-სა და Spotify-სთან გაფორმებული რეკორდული კონტრაქტების წყალობით, ბარსელონას კომერციულმა შემოსავალმა 564.1 მილიონ ევროს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კლუბი ჯერ ისევ ზარალშია. ბოლო 7 წელიწადში მათ ჯამში 348 მილიონი ევრო დაკარგეს.
ბარსელონას კიდევ ერთი დიდი პრობლემა ხელფასებია. გუნდის სახელფასო ფონდი გასულ სეზონში 573.7 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რითაც ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ყველაზე საგანგაშო კი კლუბის ვალებია. შემოდგომის მონაცემებით, ბარსელონას ფინანსური ვალი 1.84 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ სტადიონის რეკონსტრუქციას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მალე 2 მილიარდსაც გადააჭარბებს, რადგან პროექტის დასასრულებლად კიდევ 300 მილიონი ევროა საჭირო. ვალების მომსახურება კლუბს მხოლოდ პროცენტების სახით წელიწადში 90 მილიონ ევროზე მეტი უჯდება.
ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა კვლავ ურთულესია. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მეგა-პროექტის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.