-
Aa
+
ფონტის ზომა
დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული დღეა - ნაკრების კაპიტანს და მთავარ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, უმძიმესი ტრავმა დაუდასტურდა.
პსჟ-ს ვარსკვლავმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მწვანე ბალახს 2026/27 სეზონის ბოლომდე დაეშვიდობა.
წინ არის ოპერაცია და შემდეგ გრძელი, ძალიან გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი, რომელიც კვარამ თავაწეულმა და ძლიერმა უნდა გაიაროს.
ის, რომ მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა ფეხბურთელისთვის ყველაზე მძიმე შესაძლო ტრავმაა - ამას ყველა იტყვის, თუმცა, ეს განაჩენი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს თანამედროვე მედიცინის ფონზე.
ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებმაც ანალოგიური ტრავმა მიიღეს, თუმცა გადალახეს ეს რთული პერიოდი და ისეთივე, ან კიდევ უფრო ძლიერები დაბრუნდნენ საფეხბურთო მოედანზე:
ვირჯილ ვან დაიკი
ლივერპულის ამჟამინდელმა კაპიტანმა ჯვარედინი მყესი 2020 წლის ოქტომბერში, მერსისაიდულ დერბიში მიიღო, რის შემდეგაც მოედანზე აგვისტოში, ახალი სეზონისთვის მზადებისას დაბრუნდა. მას შემდეგ, ნიდერლანდელმა წარმატებული კარიერა გააგრძელა, პრემიერ ლიგის ორგზის ჩემპიონი გახდა და დღემდე „წითლების" მთავარი დასაყრდენი ძალაა დაცვაში.
ფლორიან ვირცი
ლივერპულის შემტევმა ეს უმძიმესი ტრავმა 18 წლის ასაკში მიიღო - 2022 წლის 13 მარტს, კიოლთან მატჩში. მოედანზე გერმანელი დაახლოებით 10 თვის შემდეგ, 2023 წლის იანვარში დაბრუნდა, ამის მომდევნო სეზონში კი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. შემდეგ ის ლივერპულმა კოლოსალური თანხის სანაცვლოდ იყიდა და მისი კარიერა მხოლოდ წინ წავიდა.
პეპე
რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ლეგენდამ მძიმე ტრავმა 2009 წლის დეკემბერში მიიღო და სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა მოედანს. თუმცა, ახალ სეზონში მცველი ორმაგად ძლიერი დაბრუნდა და დიდი ფეხბურთი კიდევ არც მეტი, არც ნაკლები, 15 წლის მანძილზე ითამაშა - რეალთან ერთად მოიგო სამი ჩემპიონთა ლიგა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი ევრო 2016 და ერთა ლიგა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ლეგენდარულმა შვედმა მუხლის მყესები 35 წლის ასაკში, მან იუნაიტედში თამაშისას მიიღო და ყველამ მის კარიერას წერტილი დაუსვა. თუმცა, იბრა დაბრუნდა, ლოს ანჯელესშიც ითამაშა, შემდეგ კი მილანში დაბრუნდა და სერია ა მოაგებინა. სამწუხაროდ, იბრას აღნიშნული ტრავმა მეორედაც გადახდა, უკვე 40 წლის ასაკში, რის გამოც კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რუუდ ვან ნისტელროი
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მძიმე ტრავმა 2000 წელს, ჯერ კიდევ პსვ-ში თამაშისას მიიღო, თანაც ვარჯიშზე. ამის გამო მან ევრო 2000 გამოტოვა და მანჩესტერში მისი ტრანსფერი ერთი წლით გადაიდო, თუმცა ვან ნისტელროი დაბრუნდა და უმაღლეს დონეზე ითამაშა ფეხბურთი.
ალან შირერი
ინგლისელმა ფორვარდმა ტრავმა 1992 წლის დეკემბერში, ჯერ კიდევ ბლექბერნ როვერსში თამაშისას მიიღო, თუმცა საბოლოოდ დიაგნოზი 1993 წლის თებერვალში დაუსვეს. ამ დაზიანებამ შირერი თამაშგარეში შვიდი თვით დატოვა, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სტატუსით შევიდა ისტორიაში და ფაქტია, რომ ტრავმას მისთვის ხელი ოდნავაც არ შეუშლია.
როდრი
ესპანელმა ნახევარმცველმა უმძიმესი ტრავმა 2024 წლის სექტემბერში, არსენალთან მატჩში მიიღო. მოედანზე დაბრუნება როდრიმ 2025 წლის მაისში შეძლო, თუმცა ფორმა სრულად უკვე ახალი სეზონისთვის აღიდგინა. საბოლოოდ, ძველი როდრი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, სადაც ის ჩემპიონიც გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და ბარსელონაშიც გადავიდა.
ჩავი ერნანდესი
ბარსელონას ლეგენდამ დაზიანება 2005 წლის დეკემბერში მიიღო და გამოჯანმრთელება ამ ტრავმისთვის უსწრაფესად - სულ რაღაც 5 თვეში მოასწრო ისე, რომ მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის გამოტოვებაც კი არ მოუწია. მთავარ კარიერულ წარმატებას და დიდებასაც ესპანელმა სწორედ ამის შემდეგ მიაღწია.
როი კინი
ირლანდიელმა ტრავმა 1997 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა წარმატებით დაბრუნდა მოედანზე და გუნდს 1998/99 სეზონში ლეგენდარული ტრებლიც მოაგებინა.
რობერტ პირესი
მყესები 2002 წლის მარტში გაიწყვიტა, ამის გამო გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა მომდევნო სეზონში არსენალის დაუმარცხებელ სეზონში უდიდესი როლი შეასრულა.
ფრანჩესკო ტოტი
ტრავმა 2008 წელს მიიღო, თუმცა წარმატებით დაუბრუნდა ძველ საქმიანობას და თითქმის 10 წელი დარჩა თავის მშობლიურ კლუბში.
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სიას საქართველოს ნაკრების კაპიტანიც სულ მალე შეუერთდება და იმაზე ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო. გამაგრდი, კვარა!

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები