რიო ფერდინანდი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი მცველი იყო.
სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ პრემიერ ლიგა ექვსჯერ მოიგო და კარიერის განმავლობაში უამრავ ვარსკვლავურ თავდამსხმელს დაუპირისპირდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოედანზე მისი წყობიდან გამოყვანა ყველაზე მეტად ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლეგენდას შეეძლო.
ფერდინანდმა გაიხსენა, რომ კარიერის დასაწყისში მასა და იან რაიტს შორის ნამდვილი მტრობა არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ იან რაიტი რიოსთვის ბავშვობის კუმირი იყო, მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა.
"იან რაიტი ჩემი გმირი იყო, როცა ვიზრდებოდი, მაგრამ მოედანზე მისი ატანა არ მქონდა. სულ ცდილობდა, ფსიქოლოგიურად გავეტეხე და წყობიდან გამოვეყვანე. ერთხელ კუთხურის დროს თავზე ხელიც კი მკრა. თამაში რომ დასრულდა, ჩემს მეგობრებთან მივედი და ვუთხარი: ეს კაცი მეზიზღება, ისეთი სულაც არ ყოფილა, როგორიც გვეგონა-მეთქი."

საინტერესოა, რომ ფერდინანდი და რაიტი ვესტ ჰემ იუნაიტედში თანაგუნდელებიც იყვნენ, თუმცა როცა მოწინააღმდეგეების რანგში შეხვდნენ, არსენალის ლეგენდამ ახალგაზრდა მცველი არ დაინდო. რიომ სამივე მატჩი წააგო, რომელშიც რაიტის წინააღმდეგ მოუწია თამაში.
მოგვიანებით, როცა ისინი ინგლისის ნაკრებში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, იან რაიტმა რიოს აუხსნა, რომ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო: "ეს ფეხბურთია, მე შენს გონებაში უნდა შემოვაღწიო და წონასწორობა დაგაკარგვინო". სწორედ მაშინ მიხვდა ფერდინანდი, რომ მოედანზე მეგობრობა და ავტორიტეტები არ არსებობს.