არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა, რომელიც ახლა ჟურნალისტური საქმიანობით არის დაკავებული, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
- გყავს ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ბავშვობაში უყურებდი და მათნაირად თამაშს ცდილობდი?
- კრიშტიანუ. ვიცი, რომ განსხვავებული მოთამაშეა, მაგრამ ის ჩემთვის მისაბაძი იყო, მას ყველგან ვუყურებდი.
- რა აიღე კრიშტიანუსგან?
- ვფიქრობ, როგორი პროფესიონალიც ის იყო, ჩემთვის მთავარი თვისებაა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მისი ცხოვრების სტილისგან ბევრი რამ ავიღე და ვისწავლე. მას ბევრი რამ აქვს, მაგრამ მოედნის მიღმა მთავარია, როგორი პროფესიონალიც ის იყო.
- შენი ყურება მიყვარს, მაგრამ მაინტერესებს, რადგან ამ ინტერვიუს ბევრი ბავშვი უყურებს და უნდათ, რომ შენნაირი და სხვა ვინგერის მსგავსები იყვნენ, როცა მცველს უტევ, უბრალოდ ინსტინქტია თუ მცველის მიხედვით ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო?
- ვფიქრობ, უფრო მეტად ინსტინქტია. ვცდილობ, სწრაფად ვიმოძრაო. ბევრი დრო არ გაქვს ფიქრისთვის, სად ან როგორ უნდა წახვიდე. უბრალოდ ვცდილობ, რომ სხეულით სწრაფად ვიმოძრაო და მათ ცრუ მოძრაობები ვაჩვენო. ზოგჯერ მათ ვუყურებ და ვიცი, როგორ თამაშობენ და იცავენ თავს, მაგრამ ეს უფრო მეტად ინსტინქტებზეა.
- ცვლი მიდგომას მცველის პროფილის მიხედვით, თუ ის სწრაფი, ძლიერი ან ნელია?
- კი, რა თქმა უნდა. თუ ის სწრაფია, რთულია გაიგდო ბურთი და გაეკიდო. ასეთ დროს ცრუ მოძრაობებით უნდა სცადო მოტყუება, მაგრამ ეს მოთამაშის პროფილზეა დამოკიდებული.
- ახალ მაღალი დონის მცველებს უყურებ და მათ წინააღმდეგ თამაშობს. ვინ არიან ის მცველები, რომლებზეც ამბობ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში რთულია?
- აქ, საფრანგეთში კარგი მცველები არიან, სწრაფები და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია. ვფიქრობ, რომ არნოლდი ძალიან კარგი მოთამაშეა. ბევრს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემი პარიზში ყოფნისას, ყველაზე რთული ტრენტთან თამაში იყო.
- როცა თამაშობ, სტატისტიკაზე, გოლებზე, საგოლე გადაცემებზე ფიქრობ თუ ეს გართობაა შენთვის?
- მე სიამოვნებას ვიღებ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს. არ მომწონს, როცა ყველა სტატისტიკას უყურებს, როგორ თამაშობენ და რამდენს დარბიან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გუნდი იგებს და სიამოვნებას იღებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მიყვარს თამაში და ამისგან სიამოვნების მიღება.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება, მაგრამ ხანდახან არის მატჩები, როცა ძალიან კარგად თამაშობ, მაგრამ გოლი ვერ გაგაქვს ან ასისტს ვერ აკეთებ. მე უბრალოდ ვცდილობ სიამოვნება მივიღო, გუნდის ნაწილი ვიყო და მათ გამარჯვებაში დავეხმარო.
- ტრენტი ახსენე, ელაპარაკე მას თამაშის შემდეგ ან რომელიმე მომენტში?
- არა, თამაშების შემდეგ ბევრს არ ვლაპარაკობ, რადგან ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე. მყავს მეგობრები, ვისაც ველაპარაკები თამაშის შემდეგ, მაგრამ ვცდილობ, ბევრი არ ვილაპარაკო.
- მე მყავს პატარა შვილები, რომლებიც სულ ვიდეოებს უყურებენ. შენ როგორ სწავლობ? ახლა უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ისევ სწავლობ ახალ მოძრაობებს და როგორ აკეთებ ამას?
- ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებსა და ვიდეოებს მოთამაშეების შესახებ. ვნახულობ, როგორ ცხოვრობენ. ერთი თვის წინ იუთუბზე ხშირად ვუყურებდი რონალდინიოს ვიდეოებს. ის საოცარი იყო, მისი ყურებით სიამოვნებას ვიღებ. რაღაც მომენტებს როცა ვნახულობ, მინდა რომ მეც გავაკეთო ხოლმე და ხან ვარჯიშზე ვცდილობ, ხანაც გონებაში მაქვს და თამაშის დროს შესაბამის მომენტში ვცდილობ.
- მინდა ვილაპარაკოთ შემტევ სამეულზე. დაბალანსებული გუნდი ხართ, მაგრამ ჩემს აღტაცებას ყველაზე მეტად შეტევა იწვევს. რას გავალებთ მწვრთნელი შემტევ სამეულს, ვინც არ უნდა თამაშობდეს?
- მან იცის, რომ ჩვენ ძალიან კარგად შეგგვიძლია შეტევა, მაგრამ ის ჩვენგან ისევე ითხოვს დაცვას, როგორც შეტევას და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ფეხბურთში თავი ძალიან კარგად უნდა დაიცვა, რადგან ყველა გუნდს კარგი შეტევა ჰყავს. როცა კონტესთან ნაპოლიში ვმუშაობდი, მივხვდი, რომ დაცვა უნდა გამეუმჯობესებინა და ის ძალიან დამეხმარა, როგორც ფიზიკურად ისე დაცვითი ტაქტიკის მხრივ.
მე არც ისე კარგი ვიყავი დაცვაში, მაგრამ ახლა ვცდილობ განვითარებას და მეც გაკვირვებული ვიყავი, რადგან აქამდე არ ვიყავი ისეთი მოთამაშე, რომელიც კარგად იცავდა თავს და მცველებს ეხმარებოდა. ახლა კი ვცდილობ, ეს კომპონენტები განვავითარო და ვფიქრობ, ეს კარგად გამომდის.
- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკურობა ასეთ დროს?
- ვფიქრობ, მთავარი რამ ფიზიკური მომზადებაა, რადგან ხანდახან შეიძლება გინდოდეს დახმარება, მაგრამ ენერგია აღარ გქონდეს.
- რამდენიმეჯერ გიყურე და გამიკვირდა, როგორ ჩამორბოდი უკან, რადგან ხშირად ვერ ხედავ ვინგერებს უკან ჩამოდიოდნენ. შენ ნუნუს (მენდეში) ყოველთვის ეხმარები. მცველობისას ხშირად გიწევს ვინგერისთვის ყვირილი, რომ უკან ჩამოვიდეს, შენ კი უბრალოდ ჩამორბიხარ.
- ადრე ასეთი არ ვიყავი. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, მოედანზე მაქსიმუმს ვაკეთებ და როგორც ვთქვი, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცველს დაეხმარო, რადგან ახლანდელი ვინგერები ერთი ერთზე ძალიან ძლიერები არიან.
მეც როცა ბურთი მაქვს და მცველის წინააღმდეგ ერთი ერთზე ვარ, ვიღაც ყოველთვის მეხმარება და ვხვდები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვინგერისთვისაც ცუდია, როცა ორის წინააღმდეგ უწევს თამაში, რადგან უფრო რთულია, მათ გასცდე, ამიტომ ვცდილობ მცველს დავეხმარო.
- ხშირი კომუნიკაცია გაქვს ნუნუსთან? რადგან კარგი ურთიერთობა კარგ გუნდს ნიშნავს.
- კი, რა თქმა უნდა, ნუნუს ველაპარაკები. ის მეუბნება, როგორ დავეხმარო უკეთ. როცა ორი ერთის წინააღმდეგ ვართ, მე ვცდილობ ვინგერს მარცხენა მხარე დავუკეტო და ის მარჯვნივ დაკეტვას ცდილობს. ჩვენ ვსაუბრობთ და კომუნიკაცია გვაქვს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხანდახან საჭიროა მოძრაობის ცვლილება.
- რამდენიმე კვირის წინ შოუში რაიან გიგზი გვყავდა და ის საუბრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შემტევ მოთამაშეებთან. როცა ის პასს საჯარიმოში აკეთებდა, მას ეს თვალდახუჭული შეეძლო, რადგან იცოდა სად იქნებოდნენ მოთამაშეები, რადგან მათ ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ.
შემტევ სამეულს გაქვთ ერთმანეთში ხშირი კომუნიკაცია, რადგან თქვენ ბევრს და სწრაფად მოძრაობთ. როგორ ხდება ეს?
- როგორც ვთქვი, მე მიყვარს ფეხბურთი. პსჟ-ს თამაშებს იქამდეც ვუყურებდი და ვიცი, ვინ როგორ თამაშობს. ვიცი ის უნარები, რაც მათ აქვთ. შეტევაში საოცარი მოთამაშეები გვყავს, რომელთაც შეგიძლია ბურთი მისცე და გოლი გაიტანონ, ასევე ისინი ძალიან სწრაფები არიან.
ამიტომ ვიცი, რომ თუ მარცხნივ ბარკოლა მყავს, მას ბურთი სივრცეში უნდა მივცე, რადგან ის უსწრაფესია, ასევე ნუნუს შემთხვევაშიც, მას უბრალოდ სივრცეში უნდა მისცე პასი და ის გაფრინდება.
- რას იტყვი დემბელეზე? ხალხი მას ოქროს ბურთის კანდიდატად ასახელებს. მითხარი ცოტა რამ მასზე, რა მოაქვს მას გუნდისთვის?
- ის საოცარი მოთამაშეა ბურთთან ერთად, ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს, საოცრად მოძრაობს და ძალიან სწრაფია. ის ძალიან კარგი ადამიანია და ამითაც მოვიხიბლე. მედიაში და სოციალურ ქსელში რასაც ამბობენ, ხანდახან მართალი არ არის, მათ არ იციან, რა ხდება გუნდის შიგნით. დემბელე ყველაზე მხიარული ადამიანია, ვინც ფეხბურთში მინახავს, ის ყოველთვის ხუმრობს. მოედანზეც ის ხშირად მოდის და გეხმარება. ის დიდებული ადამიანი და მოთამაშეა და წელს ყველა ხედავს, რომ ის საოცარია.
- რას იტყვი დუეზე? ის ახალია. ამ სეზონამდე არავინ ახსენებდა მას ტოპ მოთამაშეებში, ახლა კი ყველა მასზე საუბრობს. გვითხარი მასზეც.
- ის მხოლოდ 19 წლისაა და საოცარია. როცა ფიზიკურად უყურებ, ძალიან ძლიერია, სწრაფია და ტექნიკური. ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია, რადგან მას ყველაფერი შეუძლია. ბევრ 18-19 წლის მოთამაშეს უყვარს ფეხბურთი, მაგრამ პროფესიონალი არ არის, ეს ბიჭი კი საოცრად პროფესიონალია. ის ყველაფერს აკეთებს, ბევრს შრომობს და ფოკუსირებულია. ვფიქრობ, ის განსაკუთრებულია.
- შემტევ სამეულზე ვსაუბრობთ. იღბლიანი ვიყავი, რომ დიდებულ შემტევ ფეხბურთელებთან მეთამაშა და ვამჩნევდი, რომ მათ შორის კონკურენცია იყო და ერთმანეთიგან სწავლობდნენ, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- კი, რა თქმა უნდა. ვიცით, რომ კონკურენციაა. ყველას უნდა თამაში, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. არ ვამბობთ: "რატომ არ ვთამაშობ" ან "ის რატომ თამაშობს". ვფიქრობ, კარგია, როცა გუნდში ბევრი მოთამაშის ყოლა, რადგან მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში სკამზე აღმოჩნდები შემდეგ მატჩში. ამიტომ ჩვენს საუკეთესოს ვცდილობთ და ვფიქრობ, გუნდში ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან კარგია, როცა გუნდში გყავს მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან.
- შენს მწვრთნელს რომ დავუბრუნდეთ და იმას თუ როგორ სწრაფად გაიარე ადაპტაცია პსჟ-ში. ჰქონდა მწვრთნელს გეგმა შენთან მიმართებით? როცა გააფორმე კონტრაქტი, გითხრა, რომ მას შენგან კონკრეტული რამ სჭირდებოდა?
- კი, რა თქმა უნდა. გასულ წელსაც უნდოდათ მათ ჩემი აქ გადმოყვანა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა და ნაპოლიში დავრჩი. მწვრთნელი გასულ წელსაც მელაპარაკებოდა და ძალიან უნდოდა, რომ აქ გადმოვსულიყავი. როცა გადმოვედი, მან მითხრა, რომ ადვილი სტარტი არ იქნებოდა, მაგრამ ფოკუსირებული უნდა ვყოფილიყავი. მან ამიხსნა, რომ კარგი შემტევი მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ მას სურდა, რომ მათ თავიც დაეცვათ.
როცა ასეთ გუნდში მოდიხარ, რთულია რაიმე განსხვავებული აჩვენო. აქ არიან მოთამაშეები, რომლებიც ბურთით ძალიან კარგები არიან, მე კი თავში ჩავიბეჭდე, რომ ფიზიკურად ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და კონცენტრაცია არ დამეკარგა, რომ მცველს კარგად დავხმარებოდი. ეს იყო მიზეზი რატომაც მან მითხრა, რომ ისევე დამეცვა თავი, როგორც ვუტევდი.
- არ ვიცი, აქ როგორ არის, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთი ძალიან სისტემურია და რობოტები თამაშობენ. ლუის ენრიკე კი შენნაირ შემტევს გეუბნება, რომ თავი უნდა დაიცვა, მაგრამ თქვენი გუნდი შეტევაში მაინც ლაღად თამაშობს. როგორ ხდება ეს?
- ის გვეუბნება, რომ მოედანზე თავი თავისუფლად ვიგრძნოთ. ჩვენ ხშირად ვიცვლით პოზიციებს, შეიძლება მარცხენა ვინგერად ვიწყებდე თამაშს, მაგრამ მარჯვნივ გადავდიოდე ან თავდამსხმელად. ჩვენი მოძრაობა ძალიან კარგია და მეტოქის დაცვა ვერ ხვდება, სად ან როგორ ვთამაშობთ და ვფიქრობ, ეს მოძრაობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობთ. ეს კი კარგია, როცა შემტევი ხარ და თავისუფლად შეგიძლია ან შიგნით შეიწიო ან ფლანგისკენ წახვიდე, ბურთი ან სიღრმეში მოითხოვო ან ფლანგზე.
- მე ლიდსიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავედი და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხარისხისა და მოლოდინების მხრივ. იყო მომენტი ვარჯიშზე ან თამაშზე, როცა იგრძენი, რომ აქ ამისთვის მოხვედი?
- როგორც აქ მექცევიან პირველი დღიდან მოყოლებული, სავარჯიშო ცენტრში და აეროპორტშიც კი, თავიდანვე ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ და ამ კლუბისთვის ყველაფერი უნდა გამეღო. მოთამაშეებიც და სტაფიც დამეხმარნენ ადაპტაციაში. ასევე ბევრი კარგი მოთამაშეა მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თუ როგორი ადამიანი ხარ. ისინი საოცრად დამხვდნენ.
- წარმატებები, მიუნხენში შევხვდებით და იმედია შენს მაისურსაც მივიღებ.
- გავცვალოთ.
- ჩემს მაისურს ჩამოვიტენ მიუნხენში და თუ შევხვდებით, გავცვალოთ.
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები