ბრედლი ბარკოლა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ დაეხმარება
პსჟ-ს შემტევმა, ბრედლი ბარკოლამ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩელსისთან გამართულ საპასუხო მატჩში ტრავმა მიიღო. ლიონის აკადემიის აღზრდილმა სტემფორდ ბრიჯზე გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში კოჭის მყესები დაიზიანა, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბარკოლამ გაიტანა პარიზელთა მეორე გოლი იმ საღამოს, თუმცა მისი ბრწყინვალე პერფორმანსი დაზიანებამ დაჩრდილა. პსჟ-ს სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ 23 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ მოხვდება დიდიე დეშამის განაცხადში საფრანგეთის ნაკრების მარტის ტურნესთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ბარკოლა, რომელიც საოცარ ფორმაში იყო და ბოლო ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოასწრო, მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით ერთ თვეში შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ფრანგი შემტევი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებებს გამოტოვებს, რაც ლუის ენრიკეს გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.