გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, თითქოს მადრიდის რეალმა როდრის დაკარგვა მშვიდად მიიღო, ესპანური გამოცემა Sport სრულიად განსხვავებულ დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც ირკვევა, ესპანელი ვარსკვლავის ბარსელონაში გადასვლამ ფლორენტინო პერესისა და ჟოზე მოურინიოს გაბრაზება გამოიწვია.
პერესის ბრაზი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მას ტრანსფერი უკვე დახურული ეგონა. რეალის პრეზიდენტი მრჩევლებმა, ხოსე ანხელ სანჩესმა და ხუნი კალაფატმა დაარწმუნეს, რომ ფეხბურთელი მათთან იყო. ერთადერთი, ვინც ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, პერესის ფინანსური მრჩეველი ანას ლაღრარი იყო, რომელიც ყურადღებას მოთამაშის ასაკსა (30 წელი) და მუხლის ტრავმაზე ამახვილებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები საოცარი ფორმის შემდეგ პერესი ტრანსფერს საბოლოოდ დათანხმდა, თუმცა როდრიმ ბოლო წამს კატალონია აირჩია, რამაც მადრიდში იან დიომანდეს რეკორდული ტრანსფერი და ვინისიუსის ახალი კონტრაქტის ზეიმიც კი გადაფარა.
ჟოზე მოურინიოს უკმაყოფილება პერესისაზე კიდევ უფრო დიდია. პორტუგალიელ სპეციალისტს არ სჯეროდა, რომ როდრიმ მათ უარი უთხრა. ის ესპანელ ნახევარმცველს სატრანსფერო ფანჯრის მთავარ და დასკვნით სამიზნედ განიხილავდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს უკვე შეატყობინა, რომ ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელები აღარ დაემატებიან, რადგან ბაზარზე შესაბამის ფასად ალტერნატივები არ არსებობს.
შედეგად, მოურინიოს კვლავ ჩუამენის, კამავინგასა და ვალვერდეს იმედად ყოფნა მოუწევს, არდა გიულერისა და ბერნარდუ სილვას კი უკან დაწევა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა კამავინგა, ასენსიო და მასტანტუონო სათამაშო დროის სიმცირის შესახებ გააფრთხილა. პირველმა ორმა გუნდში დარჩენა არჩია, არგენტინელი კი ფიორენტინაში იჯარით წავიდა.
როდრის გადაწყვეტილებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია რეალის გასახდელშიც. ფეხბურთელები ესპანელი ვარსკვლავის დამატებას დარწმუნებით ელოდნენ, თუმცა ახლა მისი ხილვა ჰანსი ფლიკის ბარსელონას მაისურით მოუწევთ.