-
Aa
+
ფონტის ზომა
ბონუსების გათვალისწინებით, ფეხბურთელის ფასი შესაძლოა 120 მილიონამდეც გაიზარდოს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტინეიჯერად აქცევს.
გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში 20 წლამდე ფეხბურთელებში გადახდილი თანხების ტოპ 5-ეულს, სადაც ნამდვილ სატრანსფერო "მარგალიტებთან" ერთად, გაცრუებულ იმედებსაც შეხვდებით:
როდესაც იუვენტუსმა 2019 წელს დე ლიხტი დაიმატა, ეს ტრანსფერი უდიდეს წარმატებად ითვლებოდა. ნიდერლანდელი მცველი აიაქსის ზღაპრული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და შიდა ჩემპიონატში ოქროს დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ის მხოლოდ 19 წლის იყო და უკვე კაპიტნის სამკლაურს ატარებდა. იტალიაში მან სკუდეტო და ქვეყნის თასი კი მოიგო, მაგრამ ნაჩვენებ დონეს ვეღარ მიუახლოვდა. საბოლოოდ, ტურინელებმა თანხის დიდი ნაწილი დაიბრუნეს და მცველი მიუნხენის ბაიერნში გაყიდეს, საიდანაც მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედში ამოყო თავი.
ჯუდ ბელინგემი ბირმინგემში 16 წლის ასაკში გამოჩენისთანავე ვუნდერკინდად ითვლებოდა. 2020 წელს დორტმუნდის ბორუსიამ მასში 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ბუნდესლიგაში გატარებული 3 შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, 20 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, ის მადრიდის რეალმა 88.5 მილიონად (რაც ბონუსებით 115 მილიონამდე იზრდება) დაიმატა. ინგლისელმა ესპანეთში სადებიუტო სეზონშივე 15 მატჩში 14 გოლი გაიტანა და პირველივე წელს ლა ლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა.
დრო გვიჩვენებს, გაამართლებს თუ არა იან დიომანდე მასში გადახდილ რეკორდულ თანხას, თუმცა ფაქტია, რომ ის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ვინგერია. 19 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლაიფციგის მაისურით 36 მატჩში 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, ზაფხულში კი კოტ-დ'ივუარის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. შემთხვევითი არაა, რომ მისით არსენალი, ლივერპული, სიტი და პსჟ ინტერესდებოდნენ, თუმცა ბრძოლა მადრიდის რეალმა მოიგო.
როდესაც 2019 წელს ატლეტიკომ 19 წლის ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ 100-მილიონიან ბარიერს გადააბიჯა, ბევრი ფიქრობდა, რომ მომავალი სუპერვარსკვლავი დაიმატეს. პორტუგალიელი შემტევი მართლაც უდიდესი პოტენციალის მქონე იყო, მაგრამ მან დიეგო სიმეონეს სისტემას ალღო ვერ აუღო. ჩელსისა და ბარსელონაში განათხოვრების შემდეგ, ატლეტიკომ ის 2024 წელს ისევ ჩელსიში გაყიდა (46.3 მილიონად). იქ ფელიქსმა სათამაშო დრო პრაქტიკულად ვერ მიიღო, რასაც მილანში იჯარა მოჰყვა. ახლა კი 26 წლის ასაკში, ის კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად საუდის არაბეთში, ალ-ნასრში თამაშობს, რაც პოტენციალის უდიდეს მარცხად მიიჩნევა.
2017 წელს პარი სენ-ჟერმენმა სატრანსფერო ბაზარი შოკში ჩააგდო. ნეიმარის სარეკორდო 200 მილიონად დამატებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, მათ მონაკოდან კილიან მბაპე თითქმის 166 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ნეიმარისგან განსხვავებით, ფრანგმა ფორვარდმა თითოეული ცენტი ამოიღო. პარიზულ კლუბში 264 მატჩში მან 235 გოლი გაიტანა, 6-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ კი თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო, მბაპე ისტორიაში ყველაზე გამართლებულ და ძვირადღირებულ ტინეიჯერულ ტრანსფერად რჩება. ირონიულია, რომ პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგა სწორედ მას შემდეგ მოიგეს ზედიზედ ორჯერ, რაც მბაპემ კლუბი დატოვა და 2024 წელს მადრიდის რეალს შეუერთდა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები