მილანო-კორტინა 2026-ზე გამართულ დაძაბულ შეჯიბრში ლუკას პინეირო ბროტენმა თხილამურობაში გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა.
25 წლის სპორტსმენის გამარჯვებამ ის ისტორიაში პირველ ბრაზილიელად და პირველ სამხრეთ ამერიკელად აქცია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.
„დღეს ვსრიალებდი სრულიად ჩემი ინტუიციისა და გულის კარნახით და სწორედ ამან მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი. ეს არ იყო მედალზე, არ იყო იმ ისტორიაზე, რომლის დაწერაც შემეძლო.
უბრალოდ მინდოდა მესრიალა ისე, როგორიც მე ვარ. ვიცი, რომ შემიძლია ვიყო საუკეთესო მსოფლიოში, თუ ამას მაქსიმალურად შევძლებ.“ - უთხრა გახარებულმა ბრათენმა ჟურნალისტებს გამარჯვების შემდეგ.
ბრათენმა, რომელიც ორი წლის წინ ნორვეგიის ნაკრებიდან დედის სამშობლოს, ბრაზილიის სახელით გამოსვლაზე გადაერთო, პირველ დაშვებაში 1:13.92 დრო დააფიქსირა და ლიდერის პოზიცია დაიკავა, თითქმის ერთი წამით სწრაფად, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა მარკო ოდერმატმა.
მეორე დაშვებაში მან ლიდერობა შეინარჩუნა და ოქროს მედალი საერთო დროით 2:25.00 მოიპოვა. ოდერმატმა (2:25.58) და შვეიცარიელმა ლოიკ მეიარმა (2:26.17) შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.