იგორ ტიაგომ პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა და ისტორია დაწერა.
ბრენტფორდის თავდამსხმელი, რომელმაც კლუბთან ხუთწელიწადნახევრიანი ახალი კონტრაქტი გააფორმა, პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ბრაზილიელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო ორჯერ მოიგო.
გასული წლის ნოემბერში მოპოვებული პრიზის შემდეგ, ტიაგომ პრემიერ ლიგაში თავის აქტივს კიდევ ხუთი გოლი დაამატა და იანვრის ჯილდო დაიმსახურა. მან ევერტონთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანდერლენდთან მატჩში კი დუბლი მიითვალა, რითაც ამ სეზონის ოქროს ბუცის რბოლაში ერლინგ ჰალანდის დევნა გააგრძელა.
„კლუბში ვიკითხე, ბრენტფორდის რამდენ ფეხბურთელს მოუგია ეს ჯილდო, და მითხრეს, რომ ჩემამდე ეს ტიტული არავის მოუპოვებია,“ - განაცხადა ტიაგომ ბრენტფორდის ოფიციალურ გვერდთან.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე ორჯერ მოვიგე და იმედი მაქვს, მომავალშიც კიდევ მოვიგებ!
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელსა და ფეხბურთელს მხარდაჭერისთვის და მოედანზე დახმარებისთვის.“
იანვარში ტიაგომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ერთ სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ გატანილი ყველაზე მეტი გოლი, რითაც წინა რეკორდი (15 გოლი) გააუმჯობესა.
24 წლის ფეხბურთელმა იანვრის ჯილდოსთვის ბრძოლაში იასინ აიარი (ბრაიტონი), პატრიკ დორგუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჟუნიორ კრუპი (ბორნმუთი), კრისენსიო სამერვილი (ვესტ ჰემი), ჰარი უილსონი (ფულემი) და ფლორიან ვირცი (ლივერპული) დაამარცხა.