2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ფიფამ ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის (ჰოსამ ჰასანი), გუნდის მენეჯერის (იბრაჰიმ ჰასანი) და ვარსკვლავის (მუსტაფა ზიკო) წინააღმდეგ სადისციპლინო საქმის წარმოება დაიწყო.
ეგვიპტემ ისტორიაში პირველად მიაღწია მუნდიალის მერვედფინალს და არგენტინასთან 2:0-საც იგებდა, თუმცა უპირატესობა ხელიდან გაუშვა და 2:3 დამარცხდა. გამოვარდნის შემდეგ, გუნდის წარმომადგენლებმა მსაჯობა მკაცრად გააკრიტიკეს.
სკანდალური ბრალდებები და „მესის ფაქტორი“
ჰოსამ ჰასანმა მარცხი მარკეტინგულ ინტერესებს დაუკავშირა:
ფეხბურთი უსამართლოა. მათ არ უნდოდათ, რომ ლიონელ მესი ტურნირს გამოთიშვოდა და სურდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონს გზა გაეგრძელებინა
იბრაჰიმ ჰასანის თქმით, ტურნირზე დარჩენა უხეში სამსაჯო შეცდომების გამო ვერ მოახერხეს. ყველაზე ხმაურიანი კი მუსტაფა ზიკოს განცხადება აღმოჩნდა:
გილოცავთ არგენტინას. ტურნირი გაყალბებულია, მსაჯი თავიდანვე ჩვენს წინააღმდეგ იყო და მთელი ერის შრომა წყალში ჩაყარა. ნუთუ მოგვცემდნენ უფლებას, არგენტინა დაგვემარცხებინა?!
ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პასუხი
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ფიფამ სადისციპლინო პროცედურები მართლაც დაიწყო და ახლა ისინი საპასუხო იურიდიულ დოკუმენტაციას ამზადებენ.
ფედერაცია აცხადებს, რომ პატივს სცემს ფიფას რეგულაციებსა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს, თუმცა იტოვებს სრულ უფლებას, ოფიციალური არხების საშუალებით დაიცვას თავისი მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის ინტერესები. ცნობისთვის, ფიფამ მეკარეების მწვრთნელი სააფან ალ-საღირი არგენტინასთან მატჩის დროს მსაჯების გაკრიტიკების გამო უკვე დააჯარიმა.