ლა ლიგის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალთან 2:1 წაგებული მატჩის შემდეგ,ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გადატვირთულ კალენდარსა და მუდმივ მგზავრობაზე მწვავედ ისაუბრა.
მისი თქმით, ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლილობა აშკარად ეტყობოდათ, თუმცა ამის წაგების მიზეზად დასახელებას არ აპირებს.
თქვენ მხოლოდ თამაშებს უყურებთ?! ჩვენ მუდმივად გვიწევს თამაში და ხანდახან მატჩებს შორის მხოლოდ 2 დღეა
მან გაიხსენა სევილიაში მგზავრობის ეპიზოდიც, როცა გუნდმა თვითმფრინავში 3 საათი გაატარა, რის შემდეგაც სასტუმროში დაბრუნება და მოგვიანებით პირდაპირ პარიზში გამგზავრება მოუწიათ. გერმანელმა აღნიშნა, რომ მარცხის შემდეგ ამაზე საუბარი გამართლებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პასუხისმგებლობას არ გაურბის.
ფლიკის განმარტებით, კლასიკოში მთავარი პრობლემა მოთამაშეების სიახლისა და ენერგიის ნაკლებობა იყო. უახლოეს პერიოდში ფიზიკური კონდიციების აღდგენა პრიორიტეტი იქნება. გეგმის მიხედვით, სანაკრებო მოთამაშეები 2 დღეს დაისვენებენ, დანარჩენები ივარჯიშებენ, სამშაბათს კი მთლიანი გუნდი დაისვენებს.
მწვრთნელმა ხაზი გაუსვა რეაბილიტაციის, სწორი კვებისა და ძილის მნიშვნელობას. უშუალოდ მატჩზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ 1:1-ის შემდეგ თამაში გამოსწორდა და ინიციატივაც აიღეს,თუმცა გადამწყვეტ მომენტებში იღბალმა ზურგი აქციათ, მადრიდის რეალმა კი დაცვაში საიმედოდ ითამაშა და მეტოქეს საჭირო სივრცეები არ დაუტოვა.