ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი, რაფინია ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მადრიდის რეალისთვის ნამდვილ კოშმარად გადაიქცა.
კამპ ნოუზე გამართულ ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში მან თავისი ბრწყინვალე თამაშით კვლავ მიიპყრო ყურადღება და ყველაზე პრინციპულ მეტოქეს მორიგი გოლი გაუტანა. 61-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ბურთი პედრის მიუვიდა, რომელმაც მადრიდელთა დაცვის ხაზი ზუსტი გადაცემით გაჭრა და თანაგუნდელი იდეალურ პოზიციაში გაიყვანა. რაფინიამ საჯარიმოში ბურთი ოსტატურად მიიღო და ჯუდ ბელინგემს ფეხებშუა დაურტყა. ამ გოლმა ანგარიში გაათანაბრა და ტრიბუნებზე ნამდვილი ზეიმი გამოიწვია. ეს მოქმედება არ ყოფილა მხოლოდ რიგითი ეპიზოდი - მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ფლიკის ეპოქაში ფეხბურთელის წარმოუდგენელი პროგრესი.
ცნობილი სტატისტიკური პლატფორმის, Mister Chip-ის მონაცემებით, რაფინიამ კარიერაში სულ 14 ელ კლასიკო ითამაშა. გერმანელი სპეციალისტის მოსვლამდე ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის აქტივში 0 გოლი და მხოლოდ 1 საგოლე პასი იყო. ფლიკის დანიშვნის შემდეგ კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მომდევნო 7 კლასიკოში ბრაზილიელმა 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სტატისტიკა ნათლად აჩვენებს,რომ რაფინია ჩვეულებრივი მოთამაშედან კატალონიელთა უმთავრეს დამრტყმელ ძალად გადაიქცა.