თბილისი არენაზე საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის (78:92) შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიო გომეშმა და კალათბურთელმა, მიგელ კეირუშმა შეხვედრა შეაჯამეს.
მარიო გომეშმა საუბარი სამი მნიშვნელოვანი დეტალის აღნიშვნით დაიწყო. მან საქართველოს იდეალური მასპინძლობისთვის, ორგანიზებისა და სავარჯიშო პირობებისთვის მადლობა გადაუხადა. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსაჯობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არბიტრებს ანგარიშზე გავლენა არ მოუხდენიათ.
უშუალოდ მატჩის შეფასებისას გომეშმა ქართველთა დაცვა გამოარჩია:
ვულოცავ საქართველოს, რადგან 40 წუთის განმავლობაში ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს. პირველ ტაიმში უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ნახევარში საქართველომ დაცვაში ზეწოლა გააძლიერა, ჩვენ კი შეტევაში ჩვენი ჩვეული კალათბურთის თამაში ვეღარ შევძელით. ვფიქრობ, ეს არ იყო 14-ქულიანი სხვაობის თამაში, თუმცა გადამწყვეტი სწორედ მეორე ტაიმი აღმოჩნდა. ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით, რომ თავისუფალი მოთამაშე გვეპოვა
მიგელ კეირუშმა აღნიშნა, რომ პორტუგალია თბილისში მოგების იმედით ჩამოვიდა, თუმცა მეორე ტაიმში დაშვებულმა შეცდომებმა ყველაფერი შეცვალა.
გვჯეროდა, რომ საქართველოს დამარცხება შეგვეძლო და მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. მეორე ტაიმში შეტევაში ავჩქარდით, მეტოქის ძლიერი პრესინგის ფონზე ბურთს ვკარგავდით. ასეთ დარბაზში და ამ კლასის მოთამაშეების წინააღმდეგ ზედიზედ დაშვებული შეცდომების შემდეგ თამაში ძალიან რთულდება. მგონი, ამ ჯგუფში საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელსაც ვერ მოვუგეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ
პორტუგალიასთან გამარჯვება საქართველოსთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე იყო.
26 თებერვალს ჩვენი გუნდი სტუმრად მონტენეგროს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, სხვა მატჩების შედეგების მიუხედავად, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მათემატიკურად გაინაღდებს.