ქუთაისის რამაზ შენგელია არენაზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა.
გუგეშაშვილი; გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი; მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი; ლობჟანიძე, ქვილითაია, გულიაშვილი. - ვილი სანიოლმა შეხვედრა ამ თერთმეტეულით დაიწყო.
თამაშში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველები თავური დარტყმით საბა ლობჟანიძემ დააწინაურა, რომელსაც საგოლე გადაცემა ნიკა გაგნიძემ გაუკეთა.
77-ე წუთზე სტუმრებს პენალტის დარტყმის საშუალება მიეცათ, რომელიც რაიან მენდეშმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ჩვენს გუნდს მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ამით ივნისის სანაკრებო შეკრება დასრულდა, სანიოლის გუნდმა თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრები 1-0 დაამარცხა, კაბო-ვერდესთან კი 1-1 ითამაშა.