ენცო მარესკა პრემიერ ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ჩელსის მთავარი მწვრთნელი ნოემბერში დაუმარცხებელი სერიის დამსახურებით მეორედ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი.
იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით ჩელსიმ ნოემბერში სამი გამარჯვება და ერთი რთულად მოპოვებული ფრე ჩაიწერა აქტივში. ჯამში „ლურჯებმა“ 10 ქულა დააგროვეს, რაც ნოემბერში პრემიერ ლიგის ყველა გუნდს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.
ჩელსის შთამბეჭდავი თვე
ჩელსიმ ნოემბერი ტოტენჰემთან 1:0 გამარჯვებით დაიწყო, რასაც ვულვზთან დამაჯერებელი 3:0 და ბარნლისთან 2:0 გასვლითი გამარჯვება მოჰყვა.
მოგებათა სერია, ალბათ, თვის ყველაზე შთამბეჭდავი მატჩით, ლიდერ არსენალთან 1:1 ფრედ დასრულებული შეხვედრით დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი მატჩის ნახევარზე მეტი 10 ფეხბურთელით თამაშობდა, გუნდმა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეზღუდა „მეთოფეთა“ შანსები, არამედ ანგარიში თავადაც გახსნა.
მარესკასთვის ეს მეორე წარმატებაა თვის მწვრთნელის ჯილდოზე და ამით ის გახდა ჩელსის მხოლოდ მეექვსე მწვრთნელი, რომელმაც ეს პრიზი ერთზე მეტჯერ მოიგო. მის წინ ამას კარლო ანჩელოტიმ, ჟოზე მოურინიომ, ანტონიო კონტემ, თომას ტუხელმა და კლაუდიო რანიერიმ მიაღწიეს.
ჯამში ჩელსის ცხრა სხვადასხვა მწვრთნელს აქვს მოგებული აღნიშნული ჯილდო.
კარლო ანჩელოტი - 4
ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტე - 3
ენცო მარესკა, ტომას ტუხელი, კლაუდიო რანიერი - 2
ფრენკ ლამპარდი, რაფაელ ბენიტესი, ავრამ გრანტი - 1
მარესკამ ექვსკაციან მოკლე სიაში მიკელ არტეტას (არსენალი), უნაი ემერის (ასტონ ვილა), პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი), ფაბიან ჰიურცელერსა (ბრაიტონი) და მარკო სილვას (ფულჰემი) აჯობა.
პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელად აგვისტოში არნე სლოტი დასახელდა, სექტემბერში - ოლივერ გლასნერი, ოქტომბერში კი - რუბენ ამორიმი.