ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
გადამწყვეტი შეხვედრა 31 მაისს, მიუნხენში, სტადიონ ალიანც არენაზე, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
პსჟ-სთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ფინალი იქნება, პირველი ფინალი გუნდმა სწორედ ალიანც არენას მასპინძელ გუნდთან, მიუნხენის ბაიერნთან 2020 წელს წააგო (0:1).
ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში თამაშის ბევრად დიდი გამოცდილება აქვს - გუნდი ისტორიაში მეშვიდედ ითამაშებს ლიგის ფინალს (3 გამარჯვება, 3 მარცხი). ბოლო ფინალი მილანურმა გრანდმა ორი წლის წინ ითამაშა, როცა სიტისთან 0:1 დათმო, უკანასკნელი გამარჯვება კი 2010-ში, ბაიერნის წინააღმდეგ იზეიმა (2:0).
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფინალში ნომინალური მასპინძელი პსჟ იქნება და საშინაო ფორმითაც სწორედ კვარას გუნდი ითამაშებს.