8 იანვარს პსჟ და მარსელი საფრანგეთის სუპერთასს გაითამაშებენ. მარსელისთვის ეს შანსია, 2012 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგოს, ხოლო პარიზელებისთვის — შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაამდიდრონ ისედაც უზარმაზარი თასების კოლექცია.
პსჟ-ს საფრანგეთის სუპერთასი 13-ჯერ აქვს მოგებული — ეს ტურნირის რეკორდია. უახლოეს მდევარს, ლიონს, რვა გამარჯვება აქვს. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა ჰეგემონიამდე პსჟ-ს მხოლოდ ორი სუპერთასი ჰქონდა მოგებული. 2013 წლიდან მოყოლებული კლუბმა ტიტული მხოლოდ ერთხელ დათმო — 2021 წელს, როცა ლილთან დამარცხდა. შედეგად, პსჟ-მ 12 ფინალიდან 11 მოიგო. უფრო მეტიც, 2021 წლამდე გუნდი რვა ზედიზედ მოგებული სუპერთასის სერიაზე მიდიოდა.
ამგვარი დომინაცია ბუნებრივად აჩენს კითხვას — არსებობს თუ არა ევროპაში მსგავსი შემთხვევა, როცა ერთ გუნდს სუპერთასზე ასეთი უპირატესობა აქვს?
პასუხი მოკლეა: ანალოგი ევროპაში არ არსებობს. თუნდაც ბაიერნი, რომელიც გერმანიაში ხშირად დომინირებს, სუპერთასზე ასე დამაჯერებლად ვერ ბატონობს.
ერთი შეხედვით, ამოცანა მარტივი ჩანს — ავიღოთ ჩემპიონატი ჰეგემონი გუნდით და გადავხედოთ სუპერთასის ისტორიას. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დომინაცია ამ ტურნირზეც გაგრძელდება, თუმცა პრაქტიკაში ასე ყოველთვის არ ხდება.
პირველ რიგში, ბევრი ჩემპიონი სუპერთასს სერიოზულად არ აღიქვამს. მეორე მხრივ, ტოპ-5 ლიგების მიღმა სუპერთასი ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ ტარდება — სპორტული და კომერციული ინტერესის ნაკლებობის გამო.