UFC-ის ქალთა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკო ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ბოლო ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ ქალები სუსტები არიან.
ნურმაგომედოვს სცენაზე კითხვა-პასუხის სესიაზე ჰკითხეს, რას ფიქრობდა ქალთა MMA-ზე, და მან აღიარა, რომ თავს კომფორტულად არ გრძნობს ამასთან დაკავშირებით.
„ღმერთმა ქალი შექმნა სუსტად; კაცი - ძლიერად. ადამიანები ცდილობენ ამის შეცვლას და ყველაფრის ერთმანეთში არევას. მე მომწონს, როცა კაცი აკეთებს კაცურ საქმეს და ქალი - ქალურს,“ - განაცხადა ხაბიბმა.
მისმა სიტყვებმა იმდენად გააღიზიანა შევჩენკო, რომ ამჟამად ქალთა მებრძოლების საერთო რეიტინგის პირველმა ნომერმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მას პასუხი გასცა.
„ქალები სუსტები არიან?! ეს უთხარი ჩემს დას - ავიახაზების კაპიტანს. ან უთხარი ‘ღამის ჯადოქრებს’ - მეორე მსოფლიო ომის სრულიად ქალებით დაკომპლექტებულ ბომბდამშენთა პოლკს, რომლებიც ბომბებს ყრიდნენ ღამით, გამორთული ძრავებით, შემდეგ კი სრულ სიბნელეში, სანავიგაციო შუქების გარეშე ეშვებოდნენ. ამის გამო მათ მოიპოვეს ელუსიური და მომაკვდინებელი რეპუტაცია. მიდი, უთხარი მათ, ვინ არის უფრო ძლიერი.
ეს ყველაფერი მთლიანად დამოკიდებულია აღზრდაზე. შეგიძლია ასევე აღზარდო კაცი, რომელიც იქნება უძლური და არაფრის გაკეთება არ შეეძლება. საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს მეომრულ ტრადიციას, სადაც არ არსებობს განსხვავება კაცსა და ქალს შორის. არსებობს მხოლოდ თავად ხელოვნება. სწორედ ამიტომ ვარჯიშობენ ადამიანები: რომ გახდნენ უფრო მოქნილები, ძლიერები და ბრძენები და უზრუნველყონ, რომ არავის მიეცეს შანსი, მათ სახეში დაარტყას.“ - დაწერა შევჩენკომ.