ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ყაზახური საფეხბურთო კლუბის აქციები შეიძინა.
ლომთაძის მფლობელობაში ამიერიდან უმაღლესი დივიზიონის კლუბი ჟენისი იქნება. როგორც მან დაანონსა, დედაქალაქურ კლუბში მსოფლიო სტანდარტების აკადემიის შექმნა სურს, რომელშიც ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ.
"ჩემი ოცნებაა, ყაზახეთსა და ინგლისში შევქმნა მსოფლიო დონის აკადემიები, რომლებშიც მომავალი ვარსკვლავები ივარჯიშებენ და ყველაფერი სრულიად უფასო იქნება. მათ საუკეთესო სპეციალისტებთან მომზადების საშუალება ექნებათ.
მჯერა, თანამედროვე ტექნოლოგიები დაგვეხმარება იმაში, რომ ყაზახური ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიყვანოთ", - განაცხადა ლომთაძემ.
მიხეილ ლომთაძე 50 წლისაა და Forbes-ის მიხედვით, მისი ჯამური კაპიტალი 5.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რითაც - უმდიდრესი ქართველი, ხოლო მსოფლიოს 654-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია. სიაში სულ 2 ქართველია - მის გარდა, ბიძინა ივანიშვილი (2.7 მლრდ აშშ დოლარი).
მისთვის ჟენისი მე-2 საფეხბურთო კლუბია, რომელსაც ფლობს - 2024 წლის მაისში, მისი კომპანია (Blue Ocean Partners Ltd) ინგლისური უიკომბის 90%-იანი წილის მფლობელი გახდა. გუნდი ამჟამად ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონ ლიგა 1-ში ასპარეზობს.
ჟენისი 1964 წელს დაარსდა და ყაზახეთის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია. ქვეყნის ჩემპიონი სამჯერ გახდა - 2000; 2001 და 2006 წლებში. სხვათა შორის, 2007-08 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის მეტალურგთან ითამაშეს.
ამჟამად გუნდის შემადგენლობაში ზურაბ თევზაძე და ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი გორის დილას ყოფილი დამრიგებელი, ანდრი დემჩენკოა.
2025 წლის ყაზახეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ჟენისი მე-6 ადგილზეა და ხუთეულს 7 ქულით ჩამორჩება.