-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე გასულ 42 ქვეყანას კიდევ 6 ეროვნული გუნდი შეუერთდა: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შვედეთი, ჩეხეთი, თურქეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელიც ისტორიაში მეორედ მოხვდა უდიდეს სანაკრებო ფორუმზე.
ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ბოსნიისა და იტალიის დაპირისპირებამ მიიპყრო, არსებობდა „საფრთხე“ ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი გვენახა სკუადრა აძურის გარეშე, გაირკვა რომ იტალიას მსოფლიოზე მინიმუმ 2030 წლამდე ვერ ვნახავთ.
დღევანდელ ბლოგში კი იტალიის ნაკრების იმ ცუდ პერიოდზე მოგიყვებით, რომელიც აძურიმ 2006 წლის მუნდიალიდან დღემდე გაიარა.
რამდენად ძვირად დაუჯდა აძურის 2006 წლის ტრიუმფი? ავსტრალიასთან გროსოს სამსახიობო სკოლა, მეოთხედ-ფინალში უკრაინასთან გასეირნება, ცრემლად დაღვრილი დორტმუნდი, მატერაცის „შოუ“ და ზიდანის კარიერის „საოცნებო“ დასასრული. ასე იყო თუ ისე, იტალიამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა, კანავარომ თასი აწია და ლურჯ მაისურზე მეოთხე ვარსკვლავი ამოიქარგა.
სამხრეთ აფრიკაში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაუსლ იტალიას ფავორიტების სიებში ვერ ამოვიკითხავდით რიგი მიზეზების გამო, 2006 წლის ვარსკვლავების დიდი ნაწილი ან ფორმაში არ იყვნენ ან საერთოდაც განაცხადში, სუსტი შესარჩევი და მოსამზადებელი პერიოდი, ახალი ვარსკვლავების ნაკლებობა - ტოტი ნაკრებიდან უკვე დიდი ხნის წასული იყო, დელ პიერო კი ლიპიმ არ გამოიძახა.
ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც რთულად წარმოსადგენი იყო რომ იტალიის ნაკრები იმ ტრადიციას დაუდებდა საფუძველს, რასაც ჩემპიონის ჯგუფში ჩარჩენა ჰქვია და რომელიც შემდეგი სამი მსოფლიო ჩემპიონატი გაგრძელდა.
პარაგვაი, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და იტალია, ჯგუფი საიდანაც აძური თითქოს მარტივად უნდა გასულიყო სწორად ამ მიმდევრობით დალაგდა. იტალიამ საწყის ორ ტურში ზედიზედ ორი ფრე ითამაშა და ბოლო ტურში სლოვაკეთთან დამარცხდა.
2010 წლის მსოფლიოს ვოიაჟიდან კი მხოლოდ კვალიარელას 92-ე წუთზე გატანილი ლამაზი გოლი და აღნიშვნა დაგვამახსოვრდა, აღსანიშნავია, რომ ფაბიომ ანგარიში 3-2 გახადა.
2010 წლის ფიასკოს შემდეგ სკუადრა აძურიში ნამდვილად საიმედო ძვრები შეინიშნებოდა, ევრო 2012-ის ფინალისტობა (სადაც სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თაობის საუკეთესო ესპანეთთან დამარცხდა) 2013 კონფედერაციათა თასის მე-3 ადგილი, სიმპათიური გუნდი გამოცდილი ბურჯითა და ახალი ქარიზმატული ლიდერით, მარიო ბალოტელის სახით.
იტალია არც ბრაზილიაში ჩასულა ფავორიტის სტატუსით, მაგრამ გულშემატკივრებს უკეთესი მოლოდინი ჰქონდათ. ამ უკეთესის მოლოდინს ის ართულებდა, რომ ამჯერად იტალია ნამდვილად სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, ინგლისთან, ურუგვაისთან და კოსტა-რიკასთან.
მუნდიალი აძურისთვის შესანიშნავად დაიწყო, ინგლისთან 2-1 გამარჯვებით, გამარჯვების გოლის ავტორი რა თქმა უნდა მარიო ბალოტელი გახდა.
აქ თითქოს ყველამ დაიჯერა რომ იტალიის ჯგუფში ჩარჩენა ერთჯერადი შემთხვევითობა იყო და აღარ განმეორდებოდა, მაგრამ იტალიელებმა მეორე ტურშივე დაანარცხეს ქომაგები მიწაზე და კოსტა-რიკასთან უსახურ თამაშში, ბრაიან რუიზ გონსალესის ერთადერთი გოლით დამარცხდნენ.
ბოლო ტურის წინ, ინგლისელები უკვე ჩემოდნებს ეჯდნენ, კოსტა რიკას, ყველასთვის მოულოდნელად განაღდებული ჰქონდა ფლეი-ოფი და მსოფლიო იტალია-უგუგვაის პატარა ფინალის მოლოდინში იყო.
მატჩში იკონური გამოდგა, კაცნაკლულ იტალიელებს სამხრეთ ამერიკელებმა სხვადასხვა გზით შეუტიეს, ჯერ ლუის სუარესმა გადაწყვიტა თავისი საფირმო ილეთი გამოეყენებინა და ჯორჯო კიელინის უკბინა, ხოლო აქედან რამდენიმე წამში კაპიტანმა, დიეგო გოდინმა აიღო ჯიჯი ბუფონის კარი.
იტალია ზედიზედ მეორე მუნდიალზე ჩარჩა ჯგუფში, მაგრამ ალბათ მაინც ვერ წარმოედგინათ რომ მომავალში ჯგუფური ეტაპიც კი მიუღწევად ოცნებად იქცეოდა...
სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიის მუნდიალების მიუხედავად ალბათ მაინც რთულად წარმოსადგენი იყო რომ შემდეგი სამი მუნდილი სკუადრა აძურის გარეშე ჩაივლიდა. სამი ერთმანეთზე ცუდი შესარჩევი ეტაპი, სამი პლეიოფი და სამი იმედგაცრუება. 2017-შვედეთი, 2022-ჩრდილოეთ მაკედონია და 2026-ბოსნია-ჰერცოგოვინა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ცალკეულ მომენტებში იტალიის ნაკრების არბიტრების მხრიდან დაჩაგვრაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად შვედეთთან სან სიროზე მატჩი ამის კარგი მაგალითი იქნება, თუმცა საერთო სურათს თუ შევხედავთ, ევრო 2020-ის მოგება უფრო შეგვიძლია მივაწეროთ შემთხვევითობას ვიდრე დანარჩენი ყველა წარუმატებლობა.
და საბოლოოდ რისი ბრალია ერთ დროს დიადი იტალიის ნაკრების ასეთი დაღმასვლა? თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევებზე ვერ აყოლის, მწვრთნელების ხშირი ცვლილების თუ ვარსკვლავების ნაკლებობის?
იქნებ მართლაც 2006 წლის მუნდიალზე ამოწურეს ყველანაირი მაგია და იღბალი, ან იქნებ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ზინედინ ზიდანს შორის კონფლიქტის წარმოშობას იმკიან დღემდე...

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები