ლიონელ მესიმ ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
,,გუშინ ჩემი ბოლო მატჩი ჩავატარე და უკვე მენატრება ცისფერი და თეთრი მაისურის ტარება. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს საოცარი გზა იყო, სავსე სიხარულითა და ასევე გარკვეული სევდით, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი ამად ღირდა.
კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი. შეუძლებელია, რამდენიმე სიტყვით ან ერთი პოსტით გამოვხატო ყველაფერი, რასაც ვგრძნობ. ეს გზა შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოჯახის გარეშე, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და მხარს მიჭერდა, განსაკუთრებით რთულ მომენტებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
ასევე შეუცვლელი როლი ითამაშეს ჩემმა მეგობრებმა, ყველა თანაგუნდელმა და მწვრთნელმა, რომლებთანაც მიმუშავია, მათ სამწვრთნელო შტაბებთან ერთად. არ მინდა, დავივიწყო დიეგოც, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იქ დააბრუნა, სადაც მისი ადგილი იყო. როგორც ყოველთვის ვამბობ, ვიცი, რომ ის გვეხმარებოდა, მაშინაც, როდესაც ჩვენ გვერდით იყო და ზეციდანაც, თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც გადავდგით.
მადლობა ყველა კლუბს, სადაც მითამაშია, რადგან ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს გრძნობებს და მაძლევდნენ შესაძლებლობას, საკუთარი ქვეყნისთვის თავი სრულად მიმეძღვნა, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის დრო მოდიოდა. და, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, მისი ხელმძღვანელობისა და ნების გარეშე ვერც კი ვიოცნებებდით, რომ აქამდე მოვაღწევდით.
მადლიერი ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარხართ, მომენატრებით და ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით იყავით." - წერს ლეგენდარული არგენტინელი.
მესის ამ პოსტს კი კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა და პოსტის კომენტარებში დაწერა:
ლეო, ამდენი წელი იცავდი შენი ქვეყნის ღირსებას და შექმენი ისტორია, რომელიც სამუდამოდ დარჩება. უდიდეს პატივს ვცემ ყველაფერს, რასაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწიე. გეხვევი.
