ფროზინონეს მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი გუნდის რეკორდული შედეგებით კმაყოფილია.
ლეჩესთან 5:1 გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: „მჯერა, რომ ფეხბურთი სანახაობაა“, თუმცა მისი გუნდის მთავარ მიზნად კვლავ სერია A-ში ადგილის შენარჩუნება რჩება.
ფროზინონე ისტორიას წერს. 9 ტურის შემდეგ მოპოვებული 17 ქულით გუნდმა სერია B-დან აღზევებული კლუბებისთვის სეზონის საუკეთესო სტარტის რეკორდი გაიმეორა.
ანალოგიური შედეგი 2007/08 წლების სეზონში იუვენტუსს ჰქონდა, როდესაც „კალჩოპოლის“ სკანდალის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა.
ფროზინონე სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ნაპოლისა და იუვენტუსს 3 ქულით უსწრებს, ხოლო მე-5 ადგილზე მყოფ მილანს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
მჯერა, რომ ფეხბურთი გასართობი და სანახაობრივი უნდა იყოს, როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტებით. სტადიონზე ადამიანები სანახაობის სანახავად მიდიან, ამიტომ მწვრთნელი ცდილობს, შედეგის მისაღწევად საუკეთესო გზა იპოვოს.
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სპორტია და თუ ის ამავდროულად სახალისოც არის, კიდევ უკეთესი“, - განაცხადა ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა DAZN Italia-სთან საუბრისას.
ტრავმებით დასუსტებული ლეჩეს წინააღმდეგ ფროზინონეს გამარჯვება ეჭვქვეშ თითქმის არ დამდგარა, თუმცა ანგარიშით 5:1 მოგება შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა.
ფროზინონე სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია. 9 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რომასა (23) და ინტერს (25) ჩამორჩება.
ეს კლუბისთვის ისტორიული შედეგია, რადგან სერია A-ში ახლად აღზევებულ არცერთ გუნდს პირველი 9 ტურის განმავლობაში ამდენი გოლი არ გაუტანია.
მხოლოდ ბოლო 3 შეხვედრაში ფროზინონემ 13 გოლი გაიტანა: სასუოლო 4:2 დაამარცხა, ატალანტასთან 4:4 ითამაშა, ხოლო ლეჩეს 5:1 მოუგო.
„ლეჩე ჩვენთან განსხვავებული ტაქტიკით ჩამოვიდა, ამიტომ შესაძლოა, ჩვენი ტრადიციული სათამაშო კომბინაციების გამოყენება გაგვჭირვებოდა“, - დაამატა ალვინიმ.
ზოგიერთი გიორგი კვერნაძეს პარი სენ-ჟერმენისა ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ადარებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია.
კვერნაძე კვარაცხელიასგან განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. კვარა უფრო კრეატიულია და მუდმივად ცდილობს მეტოქის მოტყუებას, კვერნაძე კი ფიზიკურად უფრო ძლიერია და შეუჩერებლად დარბის.
დღეს მინდა, ბიჭებს დამსახურებული შეფასება მივცე. ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვითამაშეთ. ასეთი ტიპის ფეხბურთში ინდივიდუალიზმის ადგილი არ არის“, - განმარტა ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა.
მიუხედავად სეზონის შესანიშნავი სტარტისა, ალვინი ზედმეტად ამბიციური მიზნების დასახვას არ აპირებს.
ჩვენი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. ამჟამად 17 ქულა გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ამიტომ ახლა სატურნირო ცხრილს ნუ შევხედავთ, ის რეალურ სურათს არ ასახავს.
გიორგი კვერნაძემ ლეჩესთან მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ამასთან პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გოლად აქცია.
VIDEO: ორი საგოლე და მოპოვებული პენალტი - კვერნაძის მორიგი ტოპ-მატჩი