მანჩესტერის ყოფილმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, მისი წასვლის შემდეგ კლუბში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად ავსტრიის ნაკრებში მუშაობს, მანჩესტერს დროებითი მწვრთნელის სტატუსით 2021-2022 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა.
„იმ დროსვე რამდენიმე საბაზისო რაღაც იყო შესაცვლელი. მას შემდეგ, გუნდმა 700 თუ 750 მილიონი ფუნტი დახარჯა ახალ ფეხბურთელებში, მაგრამ ცხრილში იმაზე ბევრად დაბალ პოზიციას იკავებენ, ვიდრე მაშინ.
ზოგადად რომ შევაფასოთ, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპა ლიგის მოგება და სეზონის გადარჩენა, იმიტომ რომ ეს მათ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. სხვა ნებისმიერი შედეგი უდიდესი იმედგაცრუება იქნება. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება.
მათ შუა სეზონში მოიყვანეს მწვრთნელი, რომელიც სამი ან ხუთი მცველით თამაშობს, შემადგენლობა კი 4-მცველიან ტაქტიკას არის მორგებული. ეს განსაკუთრებით აშკარა მაშინ ხდება, როცა პრემიერ ლიგაში ისეთ გუნდებს ეთამაშებიან, რომლებსაც წესით უნდა ამარცხებდნენ." - აღნიშნა რანგნიკმა.