მასიმილიანო ალეგრის აგენტმა რაფაელ ლეაო გააკრიტიკა - მილანის ვარსკვლავი კრიზისშია
სერია A-ს მორიგ ტურში მილანი ლაციოსთან მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა, რის შემდეგაც მასიმილიანო ალეგრის აგენტმა რაფაელ ლეაოს მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა.
პორტუგალიელმა შემტევმა კვირას გამართულ შეხვედრაში იმედგაცრუება დატოვა, რის გამოც იგი ნაადრევად შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ალეგრისა და როსონერის ვარსკვლავს შორის ურთიერთობა ყოველთვის იდეალური არ ყოფილა, მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ფეხბურთელი მაინც დაიცვა.
პარალელურად, აქტიურად განიხილება ლეაოს ახალი კონტრაქტის საკითხი და მისი სან სიროზე დარჩენის პერსპექტივა. Radio Anch'io Sport-თან საუბრისას, ალეგრის აგენტმა ჯოვანი ბრანკინიმ ფეხბურთელის მდგომარეობა შეაფასა.
"უნდა დაეყრდნოს თუ არა მილანი ისევ ლეაუს? კლუბის შიდა დინამიკა რთულია. ის გუნდის აქტივია და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი," - განაცხადა ბრანკინიმ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ფეხბურთელის წვლილი წელს აშკარად შემცირებულია: "ყველასთვის ნათელია, რომ მიმდინარე სეზონში მას დიდი სარგებელი არ მოაქვს. თუმცა, ის რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ და ბოლომდე უნდა დავიცვათ, როგორც ეს ალეგრიმ მატჩის შემდეგ გააკეთა."
მიმდინარე სეზონში ლეაოს ანგარიშზე სერია A-ში მხოლოდ 9 გოლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, ფეხბურთელის სტატუსიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გულშემატკივარი და სპეციალისტები მისგან გაცილებით მეტს ელიან.