ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავის, რაფინიას ოჯახმა კატეგორიულად უარყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ვამპეტას განცხადება.
ვეტერანმა ფეხბურთელმა გაავრცელა ხმა, თითქოს ვინგერს სერიოზული ფინანსური და ოჯახური პრობლემები აქვს, რის გამოც საუდის არაბეთის ალ-ჰილალში გადასვლაზე ოცნებობს. ფეხბურთელის ბიძაშვილმა ლეგენდას საჯაროდ შეუტია და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
სკანდალური განცხადება პოდკასტში
ვამპეტამ Red Cast-ის პოდკასტში თქვა, რომ ინფორმაცია ბარსელონასთან ახლოს მდგომი პირებისგან მიიღო და ეს ჭორები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაიგო:
რაფინია მძიმე ოჯახურ კრიზისსა და ფინანსურ პრობლემებს ებრძვის. ის ფაქტობრივად ლოცულობს, რომ ალ-ჰილალში გადავიდეს, რათა ეს სიტუაცია როგორმე გამოასწოროს. ეს პირადი საკითხია და იმედი აქვს, რომ არაბული ტრანსფერი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს
ოჯახის მყისიერი და მკაცრი პასუხი
Marca-ს ინფორმაციით, პოდკასტის ვიდეოს გავრცელებას ფეხბურთელის ოჯახის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. რაფინიას ბიძაშვილმა, იგორ პადილამ, სოციალურ ქსელში ვამპეტას პირდაპირ მიმართა:
ამ ტყუილების განმარტება მოგიწევს, ჩემო მეგობარო
რაფინიას მხარეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ფეხბურთელი 2022 წლიდან მოყოლებული კატალონიაში ბედნიერია და არანაირი კრიზისი არ არსებობს, ამიტომ გავრცელებულ ჭორებს საფუძველი არ გააჩნია.
ფოკუსი ტრავმაზე და მუნდიალზე
სატრანსფერო ხმაურის პარალელურად, რაფინიას მთავარი საფიქრალი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რეაბილიტაციის პროცესია. ჰაიტისთან მატჩში (3:0) მიღებული კუნთის ტრავმის გამო, ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ გამოტოვებს. მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტი მის ნაკრებიდან მოკვეთას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ბარსას ვარსკვლავი პლეი-ოფის მატჩებისთვის მწყობრში იქნება.