გერმანიის ნაკრების მეკარე ოლივერ ბაუმანმა საჯაროდ გააკრიტიკა FIFA-ს მიერ დანერგილი კომერციალიზაცია და ყურადღება გაამახვილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურის დროებით ემბლემებთან დაკავშირებულ საკამათო პრაქტიკაზე.
პრესტიჟულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში „ჰოფენჰაიმის“ კარის დარაჯმა მკაცრად გააკრიტიკა სიახლე, რასაც გერმანულმა მედიამ "TrikotGate" უწოდა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ფეხბურთელების სათამაშო მაისურებს მოედანს მიღმა გასახდელში.
მოგეხსენებათ, აწგასრულებულ მსოფლიო პირველობაზე პირველად მოხდა, როდესაც ყველა მონაწილე ფეხბურთელის მაისურს, 2026 წლის მუნდიალის ოფიციალურ ლოგოსთან და FIFA-ს პროგრამის სლოგანთან ერთად, ასევე ჰქონდა კონკრეტული მოთამაშის მიხედვით დატანილი პატარა შევრონები. მაგალითად, პირველად მონაწილე ფეხბურთელებს ჰქონდათ შევრონი წარწერით Debut, მუნდიალებზე გამოცდილ მოთამაშეებს - Legacy, ხოლო მათ, ვისაც წინა მუნდიალებზე რაიმე მიღწევა ჰქონდათ, შესაბამისი ჯილდოს ამსახველი გამოსახულება ამშვენებდათ.

ბაუმანის თქმით, მატჩების წინ FIFA-ს მიერ დაკრულ ამ საგანგებო შევრონებს შეხვედრების დასრულებისთანავე FIFA-ს სტაფის წევრები გასახდელში მაისურებიდან აძრობდნენ. ამ პროცესით იმედგაცურებულმა გერმანელმა გოლკიპერმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს უბრალოდ სურდათ, თავიანთი ავთენტური ფორმები ხელუხლებელი შეენარჩუნებინათ.
ხსენებულ ემბლემებს კი მაისურებს იმის გამო აცლიდნენ, რომ შემდგომში, კომპანია Topps-თან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საკოლექციო ბარათებში არ ჩანდეს. ის კი ჯერაც გაურკვეველია, იქნება ეს შევრონები იმ ფეხბურთელთა ბარათებზე, რომლებსაც წუთიც არ უთამაშიათ ამერიკულ მუნდიალზე (მაგალითად, თავად ოლივერ ბაუმანი), თუ ისინიც უბრალოდ ერთიანი სტანდარტული პროცედურის ნაწილი გახდებიან.
36 წლის გერმანელმა მეკარემ მმართველი ორგანოების მიმართულებით მოწოდება გააკეთა, რომ სპორტი უსასრულო კომერციულ ინიციატივებზე წინ დააყენონ. ბაუმანმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ გადაჭარბებული კომერციალიზაცია – მაისურებიდან აძრობილი შევრონებიდან დაწყებული და ზედმეტი პაუზებით დასრულებული – საფრთხეს უქმნის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, რომელთათვისაც ფეხბურთის ტრადიცია და ვნება უპირველესია.
„სპორტი და ფეხბურთი ძალზე ლამაზია, ისინი ხომ ემოციებითა და თავად თამაშით ვითარდებიან, ეს კი არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ყველას, ვისაც ეს სპორტი უყვარს, საბოლოოდ გაგვიქრეს ინტერესი ამ ცვლილებების გამო. მაგალითად, ჰიუსტონში სტადიონზე 22 გრადუს ცელსიუსამდე კონდიცირება იყო, მაგრამ წყლის შესვენება მაინც განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქაღალდზე დაწერილი ჰქონდათ“. – დასძინა ოლივერ ბაუმანმა.