უეფა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობას განიხილავს.
დავის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილის გაყიდვის გეგმა გახდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფიფას ახალი სტრუქტურის (FIFA Forward Enterprise) შექმნა სურდა, რათა ტურნირის უფლებები გაეყიდა.
მოგვიანებით ინფანტინომ პროექტზე უარი თქვა, რადგან ევროპული კლუბების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა და მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის საფრთხე წამოვიდა.
The Telegraph-ის ცნობით, უეფამ ფიფა და ინფანტინო გააფრთხილა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული არანაირი მასალა არ წაშალონ.
გაფრთხილება ასევე გაეგზავნა ჯოშუა კუშნერს (დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმას), რომლისთვისაც ფიფა აქციების 20%-ის მიყიდვას გეგმავდა, ასევე BANN Ventures-ის ხელმძღვანელს, JP Morgan-სა და OpenEconomics-ს.
უეფას ოფიციალურ წერილში აღნიშნულია:
სასამართლო დავა: უეფა აქტიურად განიხილავს სამართლებრივი დავის დაწყებას FFE-ს შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.
მტკიცებულებების შენახვა: ფიფა და მასთან დაკავშირებული პირები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ შეინახონ ყველა ელექტრონული დოკუმენტი და ინფორმაცია, მიუხედავად შიდა წესებისა.
სანქციების მუქარა: ნებისმიერი დოკუმენტის წაშლა ან დამალვა შეფასდება როგორც მტკიცებულებების განადგურება, რასაც შესაბამისი სამართლებრივი სანქციები მოჰყვება.
წერილში ინფანტინოს გარდა მოხსენიებულნი არიან ფიფას გლობალური განვითარების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, გენერალური მდივანი მათიას გრაფსტრემი და ოპერაციული დირექტორი კევინ ლამური.