-
Aa
+
ფონტის ზომა
2021 წლის ზაფხულში, ყველასთვის მოულოდნელად, ლიონელ მესის ბარსელონას დატოვება მოუწია. ერთადერთი გუნდი, რომელიც არგენტინელის დასახვედრად მზად აღმოჩნდა პარი სენ-ჟერმენი იყო. ნეიმარი, მბაპე, დი მარიას ტრიოს ლიონელ მესით გაძლიერებით პსჟ-მ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე შემტევი ხაზი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა პარიზულ პუბლიკას მე-7 ოქროს ბურთი წარუდგინა, გუნდში ადაპტაცია გაუჭირდა. ვერც ტრიო შედგა და ვერც კვარტეტი - პსჟ ლიგას მერვედფინალშივე დაემშვიდობა.
სეზონის ბოლოს გუნდი ანხელ დი მარიამ დატოვა. ნეიმარს ტრავმის გამო ახალი სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, მუნდიალ მოგებული მესისა და მბაპეს დუეტი ვერ აღმოჩნდა ლეტალური სეზონის გადამწყვეტ ნაწილში. პსჟ ლიგას ისევ მერვედფინალში გამოეთიშა - მიუნხენელებმა პარიზელები ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხეს.
ორი კატასფროფული სეზონის შემდეგ ვარსკვლავური ტრიო დაიშალა - ნეიმარმა არაბეთს მიაშურა, მესიმ შეერთებულ შტატებს. მარტო დარჩენილ კილიან მბაპეს უსმან დამბელე და ბრედლი ბარკოლა მოუყვანეს, გუნდი კი ლუის ენრიკემ ჩაიბარა.
ესპანელის ხელში პსჟ საგრძნობლად უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა - ენრიკეს ხილს შემტევებიც უწყობდნენ. მბაპესა და დემბელესთან ერთად, მარკო ასენსიოს, კან ინი-ლიის, გონსალო რამოსის და ბრედლი ბარკოლას როტაციამ მშვენივრად იმუშავა.
პარიზელებმა ჯერ სოსიედადი გააგდეს, შემდეგ კი ბარსელონა და ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. დორტმუნდის ბორუსიასთან იღბალი მათ მხარეს ნამდვილად არ იყო - უამრავი მომენტის მიუხედავად პსჟ-მ გოლი ვერ გაიტანა და ლიგას კიდევ ერთხელ დაემშვიდობა.
ლუის ენრიკე კილაინ მბაპეს თამაშით უკმაყოფილო იყო და ამას არც მასთან პირად საუბრებში მალავდა.
შენ ფიქრობ რომ მხოლოდ გოლები უნდა გაიტანო? რა თქმა უნდა შენ მსოფლიო დონის ფენომენი ხარ, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არაა. ნამდვილი ლიდერი მაშინ ხარ, როცა გოლებით ვერ გვეხმარები, დაცვაში თამაშით დაგვეხმარო.
მბაპე მადრიდის რეალში გადაბარგდა, პარიზში კი ჟოაო ნევეში, დეზირე დუე, ვილიან პაჩო და მატვეი საფონოვი ჩავიდნენ. პარიზელებს სეზონის პირველი ნახევარი მძიმე გამოუვიდათ - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური ლიგის ფაზის ბოლო ტურში გაინაღდა. ორი კვირით ადრე, პარიზელებმა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელია დაიმატეს.
იანვრიდან პარიზელთა თამაშში ცვლილებები დღესავით ნათელი გახდა. ენრიკეს გუნდი ბრწყინვალედ ათამაშდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო შემტევი ტრიო კვარას მონაწილეობით. ბრესტთან გასეირნების შემდეგ პსჟ-მ დაძაბულ ბრძოლაში ლივერული გააგდო. ასტონ ვილასთან მთავარი განსხვავების შემქმნელად კი ქართველი ვინგერი მოგვევლინა - კვარამ იაშინის ჯილდოს ორგზის მფლობელს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაუტანა.
ნახევარფინალში პსჟ არსენალს გასცდა, ხოლო ფინალში ინტერთან შემოგვთავაზა ბენეფისი - 5:0. უნაკლო იყო პარიზელთა ყველა რგოლი - ვიტინიას მასტერკლასი მოედნის ცენტრში, დეზირე დუეს დუბლი, დემბელეს უგოლო, მაგრამ ფენომენალური მატჩი და პირველი ქართული გოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
შარშანდელი პსჟ უფრო დემბელეს გუნდი იყო და ეს ფრანგის ოქროს ბურთშიც აისახა. 2025/26 წლების სეზონში კი გუნდს კვარა ჩაუდგა სათავეში. წარმოუდგენელია პარიზელთა ჩემპიონთა ლიგური საღამოები ქართველის გარეშე. ლიგის ფაზაში ატალანტასთან, ლევერკუზენთან და სპორტინგთან გატანილი ერთმანეთზე უკეთესი გოლები და პლეი-ოფის შეუჩერებელი ვერსია - მონაკო, ჩელსი, ლივერპული და უკვე ბაიერნი.
ხვიჩა გახდა პირველი ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონთა ლიგურ სეზონში თხუთმეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. გუნდის რომელშიც ნეიმარი, მბაპე, მესი, ზლატანი, რონალდინიო და კიდევ არაერთ უდიდეს ფეხბურთელს უთამაშია.
საოცრად შედეგიანი იყო პარიზელთა ტრიო ბაიერნთან თამაშში: დეზირე დუემ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხვიჩამ ორჯერ გაიტანა, ხოლო უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო დემბელემ 2 გოლსა და 1 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
კვარაცხელია 10 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსკენ მიიწევს, ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მას მინიმუმ ერთი თამაში კიდევ აქვს მარაგში - ბაიერნისა და პსჟ-ს განმეორებითი ნახევარფინალი ოთხშაბათს, 6 მაისს გაიმართება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები