მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, იტალიური ფეხურთის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია - როგორი იქნება იუვე ტუდორის ხელმძღვანელობით.
თითქმის მთელი სამწვრთნელო კარიერაა ის პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს და დიდხანს ვერსად ვერ ჩერდება
ერთი წლის წინ, როცა იგორი ლაციოს წვრთნიდა, ვიღაცამ თქვა: "ის საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა."
იგივეს თქმა შეიძლება მის მოკლევადიან საფეხბურთო კარიერაზეც. იმიტომ რომ იგორ ტუდორი, 193-მეტრიანი მცველი აშკარად არ იყო ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ის ბურთს ბევრ ნახევარმცველზე უკეთ ეპყრობოდა. იმდენად, რომ მარჩელო ლიპიმ ერთხელ ის შეტევის ცენტრშიც დააყენა, რადგან ჩათვალა, რომ ასე გუნდს გოლის გატანის მეტი შანსი ექნებოდა.
ალესანდრო ბირინდელიმ, რომელიც მასთან ერთად იუვეში თამაშობდა, უკვე მაშინ შენიშნა მასში მწვრთნელი: "მან კარიერა დაცვის ცენტრში დაიწყო, შემდეგ ფლანგზე გადავიდა, ნახევარდაცვაშიც მოსინჯა ძალები და მეორე ფორვარდადაც. ეს მის ფეხბურთის ცოდნას და ინტელექტს უსვამს ხაზს."
ტუდორმა სამწვრთნელო კარიერა 2013-ში დაიწყო და პირველ რვა წელიწადში 8-ჯერ შეიცვალა სამუშაო ადგილი. მისი მეთოდები არ მუშაობდა. ის ოთხმცველიან ტაქტიკას ირჩევდა, რომელშიც უცნაურად ახამებდა აქტიურ ზონალურ პრესინგს და პრიმიტიულ უბურთო თამაშს. როცა ზეწოლა არ მუშაობდა, მისი გუნდები იმდენად დაბალ ბლოკში ჯდებოდნენ, რომ ნებისმიერ ნახევარმცველს მეკარისთვის ცხვირსახოცის მიწოდება შეეძლო, თუ ის დააცემინებდა. ხოლო ბურთის დაბრუნების შემდეგ, სწრაფად ცდილობდნენ წინ გაქცევას და ძალის ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას. ერთი სიტყვით, ბურთის ფლობა ტუდორს არ მოსწონდა.
2018-ში ტუდორმა უდინეზე ჩაიბარა და ნელ-ნელა გადავიდა სამმცველიან სქემებზე, მაგრამ ფეხბურთს არ ცვლიდა. მისთვის ერთადერთ შემტევ არგუმენტად პრესინგი რჩებოდა, რის გამოც მის გუნდებს ან უბრალოდ მეტოქეზე მეტი უნდა ერბინა, ან წვალებით მოეგო.
სიტუაციას აფუჭებდა ცუდი მატჩ-მენეჯმენტიც - ტუდორს მეორე ტაიმში გუნდის თამაშის გაუარესება დასჩემდა. 12-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, იგორი ორი წელიც ვერ დარჩა ვერსად.
თუმცა, ის სწავლობდა...
ტუდორი გაიზარდა, როცა პირლოს შტაბში იმუშავა, მისი ფეხბურთი შეიცვალა
ალბათ, იგორის იუვე არ უნდა იყოს ისეთი, როგორც ზემოთ აღვწერეთ. იმიტომ, რომ იუვენტუსი მის კარიერაში უკვე იყო. კორონავირუსის შემდეგ, მან ერთი წელი პირლოს შტაბში იმუშავა, რომელიც ბურთის ფლობით 3-5-2-ს თამაშობდა. იგივეს ათამაშებდა რობერტო მანჩინი საჩემპიონო იტალიის ნაკრებსაც. ფაქტობრივად, ეს იყო ბოლო ათწლეულის საუკეთესო იტალიური სისტემების სინთეზი.
ზუსტად ასეთი იდეებით ჩაიბარა ტუდორმა ვერონა, რომლიდანაც ახალი წასული იყო იურიჩი. ძველ ტუდორს მხოლოდ ზედაპირული, უბურთო თამაშის ფაზა თუ გაგახსენებდათ: დაბალი პასიური დაცვა, რომელიც იცვლებოდა აქტიური, მაგრამ ცუდად დაგეგმილი ზონალური პრესინგით, დაყრდნობილი მხოლოდ ძალასა და სირბილზე.
იმ მომენტში დაიბადა ახალი ტუდორი, რომელიც გვყავს დღემდე. იგორმა თავისი მიდგომა სამი კომპონენტის შეხამებით ააწყო:
1. ძველი წესი - ვინც არ დარბის, არ თამაშობს (სხვათაშორის, იგივე მიდგომა ჰქონდა მოტასაც)
2. პირლოსგან აღებული იდეები, რასაც მან თავისი ვერტიკალური ფეხბურთის სიყვარული დაუმატა
3. მუდმივი პერსონალური დაცვა, რაც მან იურიჩისგან გადაიბირა
ამ სამ მეთოდს უკან უდგას დამღლელი სავარჯიშო სისტემა: "არ მჯერა იღბლის ან ბედისწერის. მხოლოდ მუშაობის და შრომის მწამს. ის, რაც კვირას ხდება - მთელი კვირის მანძილზე გაკეთებული საქმის შედეგია. მნიშვნელოვანია არა გამარჯვების, არამედ კარგად და სათანადოდ მომზადების სურვილი."
ამიერიდან ვარჯიშები არის ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს.
როგორი იქნება იუვე და ვინ დარჩება მწვრთნელის ცვლილებით ყველაზე მეტად პლიუსში?
ტუდორი, რომელიც უპრობლემოდ იღებს სხვა მწვრთნელებისგან იმას, რაც მოეწონება, ადრე 4-2-3-1 სისტემით თამაშობდა. ახლა მას ამ ტაქტიკის დაბრუნების ყველანაირი მიზეზი აქვს, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია 3 მცველით თამაშობს, რომ ამ პატარა დროში რაიმეს შეცვლა მოინდომოს. ამიტომ, სამი მცველის სისტემა გარდაუვალია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომელ ვარიაციაზე შეაჩერებს ის თავის არჩევანს.
თუ პრესას დავუჯერებთ, მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე მოედანზე ყველაზე ხშირად ასეთ იუვეს ვიხილავთ:
3-4-2-1
დე გრეგორიო - კალულუ, გატი, ვეიგა - კამბიასო, ლოკატელი, კოოპმაინერსი/ტურამი, ვეა - ნიკო/ კონსეისაუ, ილდიზი - ვლაჰოვიჩი.
სხვათაშორის, მწვრთნელის შეცვლა სასიკეთოდ უნდა წაადგეს სერბ დუშან ვლაჰოვიჩს, რომლის დღეებიც იუვეში მოტას დროს დათვლილი იყო. ისევე, როგორც მისი სათამაშო წუთები. მოტას სტილისთვის ვლაჰოვიჩის სტილის ფორვარდები გამოუსადეგარი იყო, რის გამოც დუშანს ხშირად სკამზე უწევდა ყოფნა. სხვა სიტუაციას უნდა ველოდოთ ტუდორის ხელმძღვანელობით, რომელსაც ლაციოში მუშაობისას ნათქვამი აქვს, რომ მისი აზრით, დუშანი უპირობოდ სერია ა-ს საუკეთესო მეგოლეა.
3-4-1-2
არსებობს ასევე ვარიანტი, სადაც ნიკოს ან კონსეისაუს სასტარტოში რანდალ კოლო მუანი შეცვლის და იუვე მოედანზე ორი გამოკვეთილი ფორვარდით გავა. ეს ტაქტიკა კარგია, მაგრამ იუვეს საამისოდ უბრალოდ საკმარისი ფორვარდი არ ჰყავს - კოლო მუანის და ვლაჰოვიჩის დაზიანების, ან დისკვალიფიკაციის ფონზე, მწვრთნელს მთელი ტაქტიკის შეცვლა მოუწევს, ამიტომ ორი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში, როცა გუნდში სულ ორი ფორვარდი გყავს - ცოტა სარისკო ვარიანტია.
რას უნდა ველოდოთ შედეგების თვალსაზრისით?
ტუდორის დანიშვნა - პრაქტიკულად გარანტიაა, რომ გუნდს სწრაფი და დაუყონებლივი, მაგრამ მოკლევადიანი მიზნები ამოძრავებს. იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმის ფონზე, რომ მეოთხეადგილოსან ბოლონიას იუვე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგაც კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ეს მიზანი თავისუფლად მიღწევადს ჰგავს. სხვა საქმეა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ტუდორის კიდევ ერთი წლით დარჩენა მოჰყვება, რასაც მხარეებს შორის შეთანხმებაც ითვალისწინებს. აი ეს უკვე - სულ სხვა ამბავი იქნება და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ტუდორი საერთოდ არაფრის გარანტია არ იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები