მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების ნაადრევმა გამოვარდნამ ქვეყანაში ნამდვილი საფეხბურთო მიწისძვრა გამოიწვია.
ყველაზე აგრესიული და პირდაპირი ლეგენდარული თავდამსხმელი რომარიო აღმოჩნდა, რომელმაც ნორვეგიასთან მარცხის (1:2) შემდეგ არც მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაინდო და არც ვარსკვლავები.
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონმა ჯერ 19 წლის ენდრიკს გადაუარა, რომელმაც მეორე ტაიმში, ვინისიუს ჟუნიორის პასის შემდეგ, რეალური საგოლე შანსი გაანიავა:
ბევრი ამბობს: 'აჰ, ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა'. ფეხებზე მკიდია, რომ ახალგაზრდაა! ის ვალდებული იყო ეს წყეული გოლი გაეტანა. ახალგაზრდა, საშუალო თუ მოხუცი, სულ ერთია. თუ მოედანზე ხარ, პასუხისმგებლობაც შენზეა. როცა ასეთ გადამწყვეტ მომენტში ბურთს იღებ, კონცენტრაცია უნდა მოახერხო. ის ძალიან მიყვარს და მჯერა, ბევრ სიხარულს მოგვიტანს, მაგრამ ამ მატჩში საშინელი იყო
ამის შემდეგ, ეროვნულმა კერპმა კარლო ანჩელოტის კონტრაქტის სასწრაფოდ გაწყვეტა მოითხოვა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას რადიკალური ნაბიჯისკენ მოუწოდა:
არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ანჩელოტიმ ამ ფიასკოსა და სირცხვილის შემდეგ მუშაობა გააგრძელოს. პირდაპირ ნაკუწებად ვაქცევდი იმ კონტრაქტს და ვეტყოდი, თუ უნდა, სასამართლოში მიჩივლოს
რომარიომ ვინისიუს ჟუნიორს ლიდერობის ნაკლებობის გამოც დასდო ბრალი. მან გააკრიტიკა მომენტი, როდესაც პირველ ტაიმში პენალტი ბრუნო გიმარაესმა დაარტყა და გააფუჭა:
გავიგე, თითქოს ბრუნო პენალტებს უკეთ ურტყამს და მწვრთნელის განლაგებაც ასეთი იყო. ყველაფერი კარგია, პატივი სცა მწვრთნელის სიტყვას, მაგრამ, ძმაო, ხასიათი უნდა აჩვენო! ვინი ნაკრების მთავარი ფიგურა და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. მიდი, აიღე ის წყეული ბურთი, დაარტყი პენალტი და მორჩა
ნორვეგიასთან დამამცირებელი მარცხის შემდეგ, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში აზრები ორად იყოფა - ნაწილი იტალიელის დატოვებას 2030 წლის ციკლისთვისაც უჭერს მხარს, თუმცა საზოგადოებრივი წნეხი პიკს აღწევს.