ჩელსის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა კალუმ მაკფარლეინმა მანჩესტერ სიტისთან ფრის შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა.
პრემიერ ლიგის 20-ე ტურის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ჩელსიმ ანგარიში მეორე ტაიმის დამატებით დროში ენცო ფერნანდესის გოლით გაათანაბრა.
მატჩზე:
„ჩემი აზრით, ეს ფანტასტიკური იყო — ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებო. პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის მატჩი — შესანიშნავია. ძალიან ვამაყობ გუნდის თამაშით. თუნდაც ეს გოლი არ გაგვეტანა, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კიდევ უკეთესია, რომ ანგარიში გავათანაბრეთ — მგონია, ამას ვიმსახურებდით.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ ამ მატჩის მოგებაზე ვფიქრობდით. დიახ, ეს ვერ შევძელით, მაგრამ ყველა ძალიან ვამაყობთ ამ გამოსვლით. გვჯეროდა, რომ აქ ჩამოსვლა და გამარჯვება შეგვეძლო“.
გვარდიოლასთან დაპირისპირებაზე:
„ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ისტორიაში და თითქოს ეს მატჩის მთავარ თემად იქცა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. საუბარი ფეხბურთელებზე უნდა იყოს და იმაზე, რამდენად კარგად ითამაშეს. საქმე ჩემში არ არის — ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, როგორ ითამაშეს ამ ბიჭებმა ყველაფრის ფონზე“, — განაცხადა მაკფარლეინმა.