ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბრიტანელ-ნიგერიელმა არტისტმა სლოუნმა მისთვის Nike Tiempo-ს სპეციალური, ექსკლუზიური ბუცები შექმნა.
პროექტ Ronaldinho x Ravenna FC by Cipriani-ს ფარგლებში დამზადებული ფეხსაცმელი ბრაზილიელი ვარსკვლავის საკულტო Nike Tiempo Touch of Gold-ის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.
ბუცებს შენარჩუნებული აქვს ცნობილი თეთრი და ოქროსფერი დიზაინი, რომელსაც სლოუნმა თავისი საფირმო, ხელით შესრულებული ნახატები დაამატა. დიზაინს ოქროსფერი ლოგო, თეთრი თასმები და რონალდინიოს პერსონალური ბრენდინგი ასრულებს.
ორიგინალი თეთრ-ოქროსფერი Tiempo სათავეს 2005 წლიდან იღებს, როდესაც რონალდინიოს ეს ბუცები ნაიკის ცნობილ რეკლამაში ეცვა. ვიდეოში ის ბურთს ძელს ზედიზედ რამდენჯერმე არტყამს ისე, რომ ბურთი მიწას არ ეხება. ეს რგოლი YouTube-ის ისტორიაში პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც მილიონი ნახვა დააგროვა.

სლოუნის მიერ მოხატული ფეხსაცმელი უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც Ravenna FC-ს, რონალდინიოსა და Cipriani-ს აერთიანებს. კოლაბორაცია ასევე მოიცავს ათ ინდივიდუალურად გაფორმებულ სათამაშო მაისურსა და Nike R10-ის ორ წყვილ ბუცს.
46 წლის რონალდინიო პროფესიონალურ ფეხბურთს 2026 წლის 15 ნოემბერს დაუბრუნდა. მან იტალიის სერია C-ში Ravenna FC-ის სასტარტო შემადგენლობაში ფორლის წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა, მისმა გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მატჩის დროს ბრაზილიელს სტანდარტული Nike Tiempo Touch of Gold ეცვა და არა სლოუნის მიერ მოხატული ექსკლუზიური ვერსია.

სლოუნის დიზაინით შექმნილი ბუცები ერთადერთ ეგზემპლარად დარჩება და მასობრივ გაყიდვაში არ ჩაეშვება.