შვედეთის ნაკრებისა და ნიუკასლ იუნაიტედის ვინგერმა ენტონი ელანგამ მანჩესტერ იუნაიტედში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
24 წლის ფეხბურთელი ამაყობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ლეგენდების გვერდით უწევს ასპარეზობა, როგორებიც რონალდუ და მესი არიან.
„მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. განსაკუთრებით რონალდუსგან, რომელთან ერთადაც მანჩესტერ იუნაიტედში ვთამაშობდი. მისგან მოედანზეც და მის მიღმაც ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად თამაში. ყველაზე მეტად იმას ვაკვირდებოდი, თუ როგორ იქცევა ვარჯიშების შემდეგ და როგორ უვლის სხეულს აღდგენის პროცესში“, - აღნიშნა ელანგამ Sweden Herald-თან ინტერვიუში.
ელანგამ პატივისცემა გამოხატა იმის გამო, რომ 41 წლის რონალდუ და 39 წლის მესი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ, თუმცა მათ შორის საუკეთესოს არჩევა არ ისურვა: „უბრალოდ უნდა ისიამოვნოთ, მე რონალდუსა და მესის შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ“.
შვედეთის ნაკრებში ელანგა გრემ პოტერის ხელმძღვანელობით თამაშობს და ნიდერლანდებთან გატანილი ლამაზი გოლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქებაც დაიმსახურა. ფეხბურთელი ამბობს, რომ სათადარიგო სკამზე ყოფნას მშვიდად ხვდება, რაშიც ბიბლიის კითხვა ეხმარება:
„ეს სიმშვიდესა და მოთმინებას მატებს. როცა თამაშის საშუალებას არ მაძლევენ, ბიბლიის კითხვა ძალიან მეხმარება და სხვებსაც ვურჩევდი, რომ ასე მოიქცნენ“.
შვედეთის ნაკრები მომდევნო მატჩს პარასკევს, იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.