ფიფამ ირანისა და ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციების მოთხოვნა უარყო და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე ცისარტყელას დროშების გამოფენა არ აკრძალა.
ირანისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის დაპირისპირება სიეტლში, Lumen Field-ის სტადიონზე 27 ივნისს გაიმართება. ეს მატჩი დროში დაემთხვა სიეტლის ყოველწლიურ პრაიდის დღესასწაულს, რაც ირანისა და ეგვიპტის მხრიდან პროტესტის მიზეზი გახდა.
აღნიშნულ ქვეყნებში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს დევნიან, ირანში ჰომოსექსუალობა დასჯადი ქმედებაა, მათ შორის სიკვდილითაც.
ფიფას ოფიციალური პოზიციის თანახმად, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არის ინკლუზიური ღონისძიება, სადაც მიღებულია ნებისმიერი წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების ზოგადი გზავნილები, მათ შორის ლგბტქ+ დროშები, სტადიონზე დაშვებულია და მათი გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ფიფას სტადიონის ქცევის კოდექსს.
თავის მხრივ, სიეტლის მერია და ლგბტქ+ აქტივისტები მომავალ მატჩს განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას, მსოფლიოს აჩვენონ სიეტლის ღირებულებები – ღიაობა, მრავალფეროვნება და პატივისცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანისა და ეგვიპტის ფედერაციები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მსგავსი სიმბოლიკის გამოყენებას, სიეტლის ხელისუფლება მზად არის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.