მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო და სტრიმინგის უფლებების მოსაპოვებლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პუერტო რიკოში ტენდერი ოფიციალურად გამოაცხადა.
მსხვილ კომპანიებს დაინტერესების შემთხვევაში, 2034 წლის ტურნირის ტრანსლირების უფლების შესყიდვაც შეუძლიათ. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 19 ნოემბერი განისაზღვრა.
ფიფა ღიად აცხადებს, რომ ტრადიციული ტელევიზიების მიღმა, ახალ, ინოვაციურ მიდგომებს ეძებს.ამის ნათელი მაგალითია სტრიმინგის გიგანტის, Netflix-ის მიერ ესპანეთსა და ანდორაში 2030 წლის მუნდიალის ჩვენების უფლების მოპოვება, რაც სპორტული ტრანსლაციების ბაზარზე სერიოზულ რევოლუციაზე მიუთითებს.
2030 წლის საიუბილეო ტურნირი უპრეცედენტო მასშტაბის იქნება, ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო არიან, თუმცა 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პირველი მატჩები არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში გაიმართება. რაც შეეხება 2034 წლის მუნდიალს, მას სრულად საუდის არაბეთი უმასპინძლებს.
ამერიკულ ბაზარზე დაწყებული სატელევიზიო ომი გასაკვირი სულაც არ არის. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის მუნდიალზე აშშ-ში ერთი მატჩის ყურებადობამ ხაზოვან და სტრიმინგ პლატფორმებზე საშუალოდ 13.5 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ყატარის ტურნირთან შედარებით ფანტასტიკური, 166%-იანი ზრდაა. შესაბამისად, მომავალი ჩემპიონატების ტრანსლირების უფლება კორპორაციებისთვის კოლოსალური კომერციული ღირებულების მატარებელია.