ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, ინფანტინომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ამერიკული საორგანიზაციო კომპანიისგან (FWC2026 US Inc) დამატებითი ანაზღაურება მიიღო.
ამერიკული საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხამ 2024 წელს 1.76 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო) შეადგინა. ეს ყველაფერი კი იმ ოფიციალური შემოსავლის მიღმა, რაც ფიფას უკვე დეკლარირებული ჰქონდა. აღნიშნულმა ფაქტმა ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ სერიოზული კითხვები გააჩინა.
ფიფა ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა და რაიმე სახის კანონდარღვევა კატეგორიულად უარყო. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი სრულად იცავენ გამჭვირვალობის წესებს:
ფიფა საკუთარ პრეზიდენტს მეორე ხელფასს არ უხდის და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით იცავს. ჩვენი ანგარიშები დამოუკიდებელი აუდიტის მიერ მოწმდება და სრულად შეესაბამება შვეიცარიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების საგადასახადო რეგულაციებს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ამჟამად ხუთშაბათს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზეა კონცენტრირებული და სკანდალის მიუხედავად, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.