პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულ სვლას აგრძელებს.
დღეს რობერტო მარტინესის შეგირდები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში 3:2 მოუგეს.
21-ე წუთზე ვარგას გოლით უნგრელები დაწინაურდნენ, თუმცა 15 წუთში ბერნარდუ სილვამ შეძლო წონასწორობის აღდგენა.
58-ზე კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი პენალტი შეასრულა უზადოდ და ნაკრებში 141-ე გოლით თავისი გუნდი დააწინაურა.
84-ზე ვარგამ დუბლი მიითვალა და თითქოს, პორტუგალიას ორი ქულა ამოაცალა ჯიბიდან, თუმცა აქედან ორ წუთში ჟოაო კანსელუმ ბერნარდუს პასით გამარჯვების გოლი გაიტანა და პორტუგალიას 2-დან 2 გამარჯვება გაუნაღდა.
ორი ტურის შემდეგ პორტუგალიელები ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგილზე სომხეთია 3 ქულით, უნგრეთსა და ირლანდიას კი თითო-თითო ქულა აქვთ.