თუ ვინმეს ჰგონია, რომ 41 წლის ასაკში კრიშტიანუ რონალდუ პენსიაზე ფიქრობს, ძალიან ცდება.
მისი გამარჯვების წყურვილი უცვლელია და ახლა მის წინაშე სამი ამბიციური გამოწვევაა, რომლითაც ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ექსკლუზიურ ადგილს დაიმკვიდრებს.
პირველი და ყველაზე უახლოესი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა
ერთადერთი ტიტული, რომელიც მის კოლექციას აკლია და რომელიც ლიონელ მესის უკვე აქვს. სიმართლე ისაა, რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ამის მიღწევა რთულია, რადგან ამ გუნდს ტურნირი არასდროს მოუგია (მათი საუკეთესო შედეგი 1966 და 2006 წლებში ნახევარფინალში გასვლაა). თუმცა, პორტუგალიამ 2016 წელს უკვე მოაწყო სიურპრიზი ევროპის ჩემპიონატის მოგებით, ამიტომ კრიშტიანუ აშშ-ში დაგეგმილ მუნდიალზე ფარ-ხმალს არ ყრის.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რონალდუ გააგრძელებს 1000-გოლიანი ნიშნულისკენ სვლას
ალ ნასრის ფორვარდს ამჟამად 970 გოლი აქვს გატანილი და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ შთამბეჭდავი რეკორდის დამყარება. პარალელურად, მესი 905 გოლით არ ჩანს ასე შეპყრობილი 1000-იანი ნიშნულით. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ მან პენალტი ოტამენდის დაუთმო, რათა ამ უკანასკნელს ნაკრებთან დამშვიდობება გოლით აღენიშნა. არგენტინელის უპირატესობა ისაა, რომ პორტუგალიელზე უმცროსია, თუმცა ამ ეტაპზე პენსიაზე არცერთი მათგანი არ ფიქრობს.
მესამე გამოწვევა, რომელიც კრიშტიანუს გზაზე გამოჩნდა, არის შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე საკუთარ შვილთან, კრიშტიანუ უმცროსთან ერთად ითამაშოს.
რონალდუების ეპოქა: ითამაშებენ თუ არა მამა-შვილი ერთად?
გავრცელებული ინფორმაციით, ალ ნასრი განიხილავს ვარსკვლავის უფროსი ვაჟის პირველ გუნდში დაწინაურებას, რითაც მათ შეუძლიათ ლებრონ და ბრონი ჯეიმსების მაგალითი გაიმეორონ. ფეხბურთის ისტორიაში არც ისე ბევრია შემთხვევა, როცა მამა და შვილი ერთ გუნდში, განსაკუთრებით კი უმაღლეს დივიზიონში თამაშობენ. კრიშტიანუ უმცროსი ივნისში 16 წლის გახდება და მას შეუძლია მამის ოცნება აასრულოს, ისინი ისტორიაში ერთად შევლენ.