ფიფას ბილეთების გადაყიდვის ოფიციალურ პლატფორმაზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთების ფასმა წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია.
19 ივლისს დაგეგმილი გადამწყვეტი მატჩის ოთხი ბილეთი 2.3 მილიონ დოლარად არის განთავსებული.
საინტერესოა, რომ ფიფა გადაყიდვის ბაზარზე ფასებს თავად არ აკონტროლებს, თუმცა თითოეული გაყიდული ბილეთიდან სოლიდურ მოგებას ნახულობს: ორგანიზაცია ყიდვისას 15-პროცენტიან საკომისიოს იღებს მყიდველისგან, პარალელურად კი 15 პროცენტს გამყიდველსაც აჭრის.
ფიფას განცხადებით, ეს მოდელი შეესაბამება ჩრდილოეთ ამერიკის სპორტულ და გასართობ ინდუსტრიაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, სადაც ფასები ბაზრის მოთხოვნის მიხედვით ადაპტირდება. გარდა მილიონიანი ბილეთებისა, საიტზე სხვა ძვირადღირებული ვარიანტებიც გვხვდება: მაგალითად, ქვედა იარუსის ერთი ბილეთი 207 000 დოლარად არის შეფასებული, ხოლო ყველაზე ზედა იარუსის ბოლო რიგის ბილეთი 138 000 დოლარად. ყველაზე იაფი ბილეთი კი, რომელიც სტადიონის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს, დაახლოებით 11 000 დოლარი ღირს.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ბილეთების მაღალი ფასები უკვე დაიცვა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორგანიზაციის ერთადერთი შემოსავლის წყაროა ოთხ წელიწადში ერთხელ:
ბევრმა არ იცის, რომ ფიფა არაკომერციული ორგანიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ მთელ შემოსავალს, რომელსაც ვფლობთ, ფეხბურთის განვითარებაში ვდებთ მსოფლიოს 211 ქვეყანაში. ამ ქვეყნების სამი მეოთხედი ორგანიზებული ფეხბურთის არსებობას ჩვენი გრანტების გარეშე ვერ შეძლებდა. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სწორი ბალანსის პოვნას
მიუხედავად ამ განმარტებებისა, გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკა არ წყდება. სოციალურ ქსელებში მხარდამჭერები ჩივიან, რომ საუკეთესო ადგილები ხელოვნურად იყო შეკავებული, რათა მოგვიანებით ასეთ ასტრონომიულ ფასებში გაყიდულიყო, რამაც რიგით ქომაგებს მატჩზე დასწრების შანსი პრაქტიკულად წაართვა.