2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ბრაზილიის ნაკრების გარშემო მთავარი კითხვის ნიშანი კვლავ ნეიმარს უკავშირდება.
ამჯერად კამათში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი და პსჟ-ს ყოფილი ვარსკვლავი, რაი ჩაერთო. მისი განცხადებით, 34 წლის თავდამსხმელი ამჟამად იმ ფიზიკურ კონდიციებში არ არის, რაც მუნდიალისთვისაა საჭირო.
ფრანგული გადაცემის, Rothen S'enflamme-ის ეთერში საუბრისას, რაიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ნეიმარის უდავო ტალანტისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაფიქრებელია. ლეგენდარული ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ნეიმარმა დაკარგა ის სისწრაფე, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევდა:
თუ ის ჩამოვა, გუნდზე გავლენას მოახდენს. ანჩელოტი აკვირდება ფეხბურთელებს და მათ აზრებს. ის ჭკვიანი მწვრთნელია და ეცოდინება, არის თუ არა ნეიმარი დადებითი გავლენის მომხდენი გუნდისთვის. თუმცა, ის ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის. მას ბევრი ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და პიკს ვერ უბრუნდება დაკარგა სისწრაფე. რა თქმა უნდა, ის კვლავ აკეთებს ბრწყინვალე პასებს ის ვარსკვლავია მაგრამ ვფიქრობ, ახლა ის საჭირო დონეზე არ არის
ნეიმარის მდგომარეობა მართლაც რთულია. 2023 წელს საუდის არაბეთში, ალ ჰილალში გადასვლის შემდეგ, მან ტრავმების გამო თითქმის ვერ ითამაშა. 2025 წელს ის მშობლიურ სანტოსს დაუბრუნდა, სადაც წელს 9 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა სიფრთხილის გამო ზოგიერთ შეხვედრას კვლავ ტოვებს. ეროვნულ ნაკრებში მას 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია.
კარლო ანჩელოტის პოზიცია მკაფიოა: ის მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 100%-ით მზად იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ბევრი ნეიმარის გამოძახებას ითხოვს, არბიტრთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მის შანსებს ამცირებს. მეორე მხრივ, ახალგაზრდა ვარსკვლავის, ესტევაოს მძიმე ტრავმამ შესაძლოა ნეიმარს მუნდიალისკენ გზა კვლავ გაუხსნას.
საბოლოო პასუხს 18 მაისს გავიგებთ სწორედ ამ დღეს დაასახელებს ანჩელოტი იმ შემადგენლობას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიო თასის მოსაპოვებლად გაემგზავრება. ნეიმარისთვის ეს შესაძლოა კარიერის ბოლო და გადამწყვეტი შანსი იყოს.