ეგვიპტის კორტები საბა ფურცელაძისთვის განსაკუთრებით იღბლიანია.
ქართველმა ჩოგბურთელმა შარმ ელ შეიხში გამართული ITF-ის M15 კატეგორიის ტურნირი მოიგო და პროფესიონალურ კარიერაში მე-14 ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ამ 14 გამარჯვებიდან 13 ფურცელაძემ სწორედ ეგვიპტეში მოიპოვა, მიმდინარე სეზონში კი ეს მისთვის მესამე ტრიუმფია.
ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ქართველს გადამწყვეტ მატჩში რუსი ანტონ არჟანკინი (რეიტინგის 618-ე ნომერი) დაუპირისპირდა. დაძაბულ ორსეტიან ბრძოლაში ფურცელაძემ 7:5, 7:6 (7:2) იმარჯვა. ჩვენებურის მთავარი იარაღი ძლიერი ჩაწოდება აღმოჩნდა: მან მეტოქეს 16 ეისი ჩაუწოდა, რაზეც არჟანკინმა მხოლოდ რვა ეისით უპასუხა.
ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ფურცელაძემ ოთხი მეტოქის წინააღმდეგობა დაძლია. ფინალამდე მან ჩეხი იან ჰრაზდილი, სამხრეთაფრიკელი კონორ დოიგი, პოლონელი ფრიდერიკ ლეჩნო-ვასიუტინსკი და უკრაინელი ვოლოდიმირ იაკუბენკო ჩამოიშორა.