ფიფა ევროპული კლუბების ასოციაციასთან (ECA) ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდა, რათა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზება ერთობლივად მოხდეს.
Guardian-ის ინფორმაციით, ამ ნაბიჯის სავარაუდო შედეგი ტურნირის 32-დან 48 გუნდამდე გაფართოება და ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლობის გაზრდა იქნება.
გასულ წელს რეფორმირებული ტურნირის პირველი გათამაშება აშშ-ში ჩატარდა. ჩელსი გამარჯვებული გახდა და დაახლოებით 84 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამომუშავა. სწორედ ამ ფინანსური წარმატების ფონზე, ევროპულმა კლუბებმა ტურნირის გაფართოების ინიციატივა წამოაყენეს.
საკლუბო მუნდიალზე ევროპა 12-მა გუნდმა წარმოადგინა, თუმცა რამდენიმე ტიტულოვანი კლუბი ტურნირს მიღმა დარჩა. კერძოდ, მოწვევა ვერ მიიღეს ლივერპულმა, ბარსელონამ და ნაპოლიმ - მიუხედავად იმისა, რომ მათ 2024/25 წლების სეზონში ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები მოიგეს. ტურნირზე მოწვეული იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების 4 გამარჯვებული და უეფას უმაღლესი კოეფიციენტის მქონე 8 კლუბი.
ფიფამ ასევე დააწესა შეზღუდვა - არაუმეტეს 2 მონაწილისა ერთი ქვეყნიდან, რამაც სწორედ ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლობა შეამცირა. კლუბების ასოციაციას ახლა ამ ლიმიტის გაუქმება სურს, რაც პრემიერლიგას კვოტის გაზრდის საშუალებას მისცემს, რადგან რეიტინგის საუკეთესო რვიანში ამჟამად არსენალი, ლივერპული და მანჩესტერ სიტი შედიან.
სავარაუდოდ, ასოციაცია იდავებს იმას, რომ ევროპული კლუბების რაოდენობის გაზრდა ტურნირის კომერციულ ღირებულებას აამაღლებს, რაც ფიფას სატელევიზიო უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია, რომელსაც პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ხელმძღვანელობს, 700-ზე მეტ ევროპულ კლუბს აერთიანებს. მათ რიგებშია ყველა ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წელს კავშირს რეალიც დაუბრუნდა. მანამდე მადრიდელები ასოციაციიდან 5 წლით იყვნენ მოკვეთილები ევროპის სუპერლიგის შექმნის მცდელობის გამო, თუმცა გასული წლის თებერვალში პროექტიდან ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ, ესპანური გრანდი ორგანიზაციაში ხელახლა მიიღეს.