ფრანკო მასტანტუონო არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება, რამაც ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ლიონელ სკალონიმ ოფიციალურად დაასახელა იმ 26 ფეხბურთელის სია, რომლებიც ყატარში მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდებიან, მადრიდის რეალის ახალგაზრდა ნახევარმცველი კი განაცხადს მიღმა დარჩა.
მოქმედი ჩემპიონები დაირაზმნენ - არგენტინის ნაკრების განაცხადი მუნდიალისთვის
რივერ პლეიტის ყოფილი ფეხბურთელის არყოფნა მალევე მოხვდა ესპანური სპორტული გამოცემების მთავარ გვერდებზე. ისეთმა გავლენიანმა გაზეთებმა, როგორებიცაა მარკა და AS, 18 წლის მოთამაშის განაცხადს მიღმა დატოვება მკაცრად შეაფასეს: „მესი უძღვება არგენტინის ნაკრებს, სადაც მასტანტუონო არ არის, თუმცა სიაში მოხვდნენ ნიკო პასი და ჯოვანი ლო ჩელსო“.
სხვა მედიასაშუალებებმა ეს ნაბიჯი პირდაპირ დაუკავშირეს არგენტინელის სუსტ გამოსვლას სამეფო კლუბში: „მადრიდის რეალის ფეხბურთელის არასტაბილური სეზონი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც სკალონიმ არ გამოიძახა“.
ესპანეთში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის ნაკრებს მიღმა დატოვებაში არანაირი ფარული კონფლიქტი არ არსებობს და მიზეზი წმინდა საფეხბურთოა. „მან რეალში ბევრი ვერ ითამაშა და აშკარად აკლდა თვითრწმენა,“ - წერენ კლუბთან დაახლოებული წყაროები. მედიის აზრით, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი მოუსპო.
მასტანტუონო მადრიდში კლუბის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და ძვირადღირებულ შენაძენად მოვიდა. თუმცა, ადაპტაციის პროცესი მარტივი არ ყოფილა. სეზონის განმავლობაში მან ესპანური გრანდის მაისურით 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
დროთა განმავლობაში მან სამწვრთნელო შტაბის ნდობა დაკარგა და სეზონის უდიდესი ნაწილი ძირითად შემადგენლობაში აღარ ხვდებოდა. მადრიდელებმა სეზონი ყოველგვარი ტიტულის გარეშე დაასრულეს, რაც გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, არგენტინელის მომავალი მადრიდში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესპანური მედიის ცნობით, კლუბში სერიოზულად განიხილავენ მის იჯარით გაშვებას სხვა გუნდში, რათა ფეხბურთელმა სათამაშო პრაქტიკა და დაკარგული რწმენა დაიბრუნოს.