2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სულ ახლახან დასრულდა, თუმცა კულისებში უკვე დაიწყო საუბარი მომდევნო მუნდიალების შესახებ.
48-დან 64 გუნდამდე შესაძლო გაფართოების გარდა, უკვე განიხილება 2038 წლისა და შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნებიც.
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია 2038 ან 2042 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობის კანდიდატურის წარდგენას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო 2 მსოფლიო ჩემპიონატი 2030 წელს პორტუგალიაში, ესპანეთსა და მაროკოში გაიმართება (გახსნის მატჩები კი არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში ჩატარდება), ხოლო 2034 წლის მუნდიალს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის სპორტის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულმა ანგარიშმა დაასკვნა, რომ ქვეყანა მზად იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მისაღებად. პროექტი ითვალისწინებს სტადიონების თანამედროვე სოციალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
თუმცა, ევროპის 2 ქვეყნის ერთობლივ განაცხადს შესაძლოა FIFA-ს კონტინენტური როტაციის პრინციპმა შეუშალოს ხელი. ორგანიზაცია ბოლო წლებში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას სხვადასხვა კონტინენტზე ანაწილებს, ხოლო 2030 წელს ევროპის მასპინძლები უკვე ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან.
თუ FIFA ამ პრინციპს კვლავ დაიცავს, 2038 წელს ევროპული განაცხადი ვერ იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთსა და გერმანიას მინიმუმ 2042 წლამდე მოუწევთ ლოდინი.
კონტინენტური როტაციის იდეა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ განსაზღვრული წესებით არ არის რეგულირებული, აშშ-საც უქმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა 2038 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კვლავ უმასპინძლოს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპა, სამხრეთ ამერიკა და აფრიკა (2030 წლის მასპინძლები), ასევე აზია (2034 წლის მასპინძელი) გამოირიცხებიან, ამერიკელებს კონკურენცია მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.