საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩებისთვის ცნობილია.
ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიცაა.
საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია ჰყავს, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში 2 მატჩს ჩაატარებს: 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.
სიაში 4 ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს – ლუკა ალავიძე (ქუთაისი 2010), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე ზესტაფონის მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა).
ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან გიორგი ოჩხიკიძე და კამარ ბოლდუინი. ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ჩვენს ნაკრებში თად მაკფადენმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018-2023 წლებში იცავდა.
პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთესო სხვა ჯგუფიდან (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) გადმოვა და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი.
პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ. საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
