სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანურმა გამოცემა Marca-მ საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს საინტერესო სტატია მიუძღვნა.
"ლევანტე კარგ სპორტულ ფორმაშია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყოდით კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე. კარგი თამაში მწვრთნელის, ხულიან კალეროს დამსახურებაა. განსხვავების შემქმნელი მოთამაშე კი ლევანტეში, რომლის ყოლითაც გუნდი იღბლიანია, გიორგი ქოჩორაშვილია.
ის ნაკრების მოთამაშეა, რომლის დებიუტიც ერთი წლის წინ შედგა და მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი გუნდში, რომელსაც ლეგენდარული ვილი სანიოლი წვრთნის. ფრანგმა საქართველო ევროპაში პოპულარულ გუნდად აქცია, რომლის ერთ-ერთი საყრდენიც ლევანტეს ნახევარმცველია. გიორგი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, მაგრამ ეს დონე მისთვის ზედმეტად დაბალია. ლევანტე კი იღბლიანია. ისინი ამით სარგებლობენ, სანამ შეუძლიათ. აწმყო აწმყოა და სანამ საშუალება არსებობს, ის უნდა გამოიყენო. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ლევანტემ ასე კარგად დაიწყო ჩემპიონატი, გუნდი მოწინავე პოზიციებზეა, როცა კლუბს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს ეკონომიკური პრობლემების გამო.
გიორგის პერფორმანსები საქართველოსთან ერთად ბოლო სანაკრებო შესვენებაზე და გატანილი გოლები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რაზეც ხულიან კალერომ ირონიით უპასუხა: "ის ნაკლებად უნდა ვათამაშო, რომ ინგლისურმა კლუბმა არ წაიყვანოს. ლევანტემ დიდ სურათში უნდა იფიქროს. მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ, რათა ლა ლიგაში დავწინაურდეთ. იმედია, ის რაც შეიძლება დიდხანს დარჩება, მაგრამ თუ გიჟური შემოთავაზება მოგვივა, სხვა არჩევანი არ გვექნება."
სანიოლის გავლენა
24 წლის ქოჩორაშვილის კარიერა ორ ეტაპად იყოფა, რაც მისი მწვრთნელის გავლენით მოხდა. ვილი სანიოლი სპორტული და მენტალური ინსპირაციის წყაროა - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. მისი საქართველოს ნაკრებში მისვლა ქოჩორაშვილისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. თავად ფეხბურთელმა გასული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანიოლზე საუბრისას თქვა, რომ ის გუნდს მენტალურ დონეზე ეხმარება თავდაჯერებაში და მოთამაშეებსაც თავიანთი თავებისა და გუნდელების სწამთ. ეს კი მთავარი ფაქტორია.
ქართველი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ერთი წლის წინ, ერთი თვის წინ და თუნდაც ერთი დღის წინ იყო, ეს კი ვილი სანიოლის გავლენითა და დამსახურებით ხდება.
ფეხბურთელების წარმომავლობა ხშირად განსაზღვრავს მათ მომავალს. ნახევარმცველიც ბავშვობაში ქუჩის ფეხბურთის თამაშით იზრდებოდა, რაც ქართველი ბავშვებისთვის ცნობილი კულტურაა, რომელშიც ცხოვრობენ. ისინი საფეხბურთო ფუნდამენტს სწორედ ამით იქმნიან, რაც წარმატების გზაზე ეხმარებათ - ქუჩაში 4-4-ზე და 5-5-ზე ფეხბურთის თამაში.
საქართველოდან ჟირონაში, კასტელონსა და ვალენსიაში
გიორგიმ თავისი ქვეყანა ადრე დატოვა და ესპანეთში გადავიდა, სადაც თავისი თავი უნდა გამოეცადა. ის საზღვარგარეთ 18 წლის ასაკში მოხვდა. მისი პირველი გამოცდილება კი ჟირონა იყო. ის საქართველოდან ჩამოვიდა და ესპანურ კულტურასთან შეგუება მოუწია. ჟირონადან ის კასტელონში გადავიდა, შემდეგ კი ლევანტეში მოხვდა.
ქოჩორაშვილის შემდეგი სვლა პრემიერ ლიგა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა ინგლისურ ლიგაში გადასასვლელად უცხოელი ფეხბურთელებისთვის საჭირო პარამეტრები ვერ დააკმაყოფილა და ის ბრიტანულ კლუბში ვეღარ გადავიდა. ლევანტემ მის სანაცვლოდ ფასი დააწესა, რომელიც დიდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 5 მილიონი ევროდან იწყებოდა. ეს იყო ის თანხა, რომელიც მისით დაინტერესებულ კლუბებს უნდა გადაეხადათ, თუმცა საბოლოოდ მოთამაშის გადასვლა კუნძულზე პრემიერ ლიგაში უცხოელ მოთამაშეებთან დაკავშირებით არსებული წესების გამო ვერ მოხერხდა." - წერია სტატიაში.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 6 ტურის შემდეგ ლევანტე 11 ქულით მე-6 ადგილზეა და პირველადგილოსან რასინგს 3 ქულით ჩამორჩება, გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები