საუკუნეზე მეტი ხნით დამარხული საიდუმლო გაცხადდა: არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ოჯახურ ისტორიაში სენსაციური დეტალი აღმოაჩინეს.
იტალიელი მკვლევარის მიერ ჩატარებულმა გენეალოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ მესის წინაპრები არგენტინამდე ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, სადაც გვარიც კი შეიცვალეს.
გამოცემა Globo-ს ცნობით, იტალიელმა გენეალოგმა ფიორენცო სანტინიმ რამდენიმე წელი მიუძღვნა არგენტინელის საგვარეულო ხის შესწავლას. კვლევამ აჩვენა, რომ დედის მხრიდან მესის დიდი პაპა, რანიერი კოკიეტინი, მეუღლესთან ერთად იტალიიდან ბრაზილიაში, სანტოსის პორტში 1899 წელს გემით ჩავიდა.
სან-პაულუს შტატში დასახლებისას, უცხოური სახელების ჩაწერის სირთულის გამო, ოჯახის გვარმა ტრანსფორმაცია განიცადა და რანიერი რამიერო კონკიეტინიდ ჩაწერეს. ოჯახი რიბეირან-პრეტოში დასახლდა, სადაც 1904 წელს მესის ბებია-პაპის ძმა არდირიგო დაიბადა.
ლიონელ მესის ბრაზილიის ნაკრებში თამაში შეეძლო?
ბრაზილიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, 1905 წელს ოჯახი არგენტინაში, კერძოდ როსარიოში გადაბარგდა. სწორედ იქ დაიბადა მოგვიანებით მესის პაპა ანტონიო, შემდეგ დედა სელია და 1987 წელს თავად ლეგენდარული ფეხბურთელი.
სანტინის თქმით, მისი კვლევა 2019-2022 წლებში მიმდინარეობდა, რადგან დედის გვარის კვალს იტალიაში ვერ პოულობდა. ყველაფერი ბრაზილიური არქივების აღმოჩენის შემდეგ დალაგდა. სწორედ ამ კვლევის წყალობით მიენიჭა მესის 2022 წელს იტალიური ქალაქის, სან-სევერინო-მარკეს საპატიო მოქალაქის წოდება.
დღეს ბრაზილიაში მესის ნათესავები აღარ ცხოვრობენ, თუმცა სან-პაულუში შემორჩენილია მარტინიკო პრადოს ქუჩა, რომელიც იმ ფერმის მფლობელის სახელს ატარებს, სადაც მესის წინაპრები არგენტინაში წასვლამდე შრომობდნენ.